20.09.2013 13:40
თბილისი აფხაზეთში ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევას აპროტესტებს

გალის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის პასპორტების ჩამორთმევა მათი უფლებების შეზღუდვაა. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენ არალეგალურ დოკუმენტებზე ვსაუბრობთ. პიროვნების უფლების შეზღუდვის მორიგ მცდელობასთან გვაქვს საქმე. გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის პასპორტების ჩამორთმევა სხვა არაფერია, თუUარა მათი შევიწროვება და უფლებების შეზღუდვა. ჩვენ ამ მოვლენებს ვაკვირდებით და შესაბამის რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ. შესაძლებელია ეს საკითხი ჟენევის ფორმატშიც განვიხილოთ’’, - აცხადებს ციხელაშვილი.

ოკუპირებული აფხაზეთის ’’პარლამენტმა’’ გალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის პასპორტების ჩამორთმევისა და ახალი პასპორტების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ შემთხვევაში კი ქართულ მოსახლეობას მხოლოდ ერთი მოქალაქეობის არჩევის საშუალება ეძლევა.