სირიის რესპუბლიკაში გასული წლის გაზაფხულზე დაწყებული მასობრივი არეულობები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა და სამოქალაქო ომის ზღვარს მიუახლოვდა.
სირიაში ვითარების გამწვავების ზრდასთან ერთად იზრდება ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობა, რაც ძირითადად რუსეთის, ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელების მიმართ გახშირებული მიმართვებით შემოიფარგლება, სადაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სირიელი ჩერქეზების ისტორიულ სამშობლოში საჩქაროდ გადმოსახლებას თხოულობენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პოლიტიკურ ქულას იწერს ან რომელიმე დაინტერესებული ძალის დავალებით მოქმედებს.
ის ჩერქეზული ორგანიზაციები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც სიღრმისეულად იცნობენ ამ პრობლემას და სამომავლო შედეგებზეც ფიქრობენ, ნაკლებს ხმაურობენ ან ჯერჯერობით თავს იკავებენ თავისი პოზიციის გამოსახატავად, რადგან საქმე ეხება ჩერქეზების ეროვნული ღირსების საკითხს, რაც კავკასიური ტრადიციების პატივისმცემელი ადამიანებისთვის მეორე ხარისხოვანი არ არის.
ჩერქეზები სირიაში საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ. სირიელმა ხალხმა ისინი შეიკედლა, გვერდში დაუდგა, ენა, ტრადიცია და ღირსება შეუნარჩუნა. ჩერქეზები ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად გრძნობდნენ თავს და ზოგ შემთხვევაში პრივილეგიებითაც კი სარგებლობდნენ. მათ დაბრკოლება არ ჰქონიათ კარიერა გაეკეთებინათ საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. დღევანდელი პრეზიდენტის ბაშარ ასადის საყრდენ სამხედრო და სხვა ძალოვან სტრუქტურებში ჩერქეზებს წამყვანი ადგილები უჭირავთ, ასევე იყო მამამისის, აწგანსვენებული ხაფეზ ალ ასადის დროსაც, რომელიც 29 წელი მართავდა სირიას პრეზიდენტის რანგში.
დღეისათვის სირიელი ხალხი მძიმე მდგომარეობაშია და ქვეყანა შინაგანი კრიზისიდან რეგიონის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს.
ასეთ ვითარებაში 100 ათასიანი ჩერქეზული მოსახლეობის მასობრივი გასვლა ქვეყნიდან ღალატად იქნება შეფასებული არა მარტო სირიელი ხალხისაგან, არამედ თვით ჩერქეზული ელიტისგანაც. ღალატი და სიტყვის გატეხვა კი შეუთავსებელია ჩერქეზის ხასიათთან და ტრადიციასთან.
ბაშარ ასადის ხელისუფლების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მიუხედავად იმისა, რომ არაბული ქვეყნების ლიგის ხელმძღვანელობამ ორჭოფული პოზიცია დაიკავა ბაშარ ასადის მიმართ, ისლამური ქვეყნები, მათ შორის არაბი მუსულმანებიც, მისგან გვერდზე განდგომას არ აპირებენ.
ბაშარ ასადის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში სირიელ ჩერქეზებს სანანებლად გაუხდებათ ორჭოფობაც, რადგან მათი მატერიალური დონე ამ ქვეყანაში დამაკმაყოფილებელია და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მორიგი დრამატული მოვლენების წინაშე დააყენოს მათი ოჯახები.
სირიელი ჩერქეზებისთვის არც ლიბიელი თანამემამულეების მაგალითი გამოდგება, რომლებიც ტრადიციულად დაპირისპირებაში იყვნენ მუამარ კადაფთან და მის ხელისუფლებასთან და ასეთივე პოზიცია გააგრძელეს ლიბიის კრიზისის დროს, თუმცა ახალგაზრდა ყაბარდოელი მოხალისეების ჯგუფი რუსული სპეცსამსახურების წაქეზებით მაინც აპირებდა ლიბიაში წასვლას კადაფისთვის შეიარაღებული მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი მოძრაობა "ხასეს" ლიდერმა იბრაგიმ იაგანოვმა ოფიციალურად მიმართა ყაბარდოელ მოხალისეებს თავი შეეკავებინათ ამ აჩქარებული ნაბიჯის გადადგმისაგან, რითაც იხსნა თავისი ახალგაზრდა თანამემამულეები ლიბიელ ჩერქეზებთან დაპირისპირებისგან და კადაფის ბედის გაზიარებისგან.
საყოველთაოდ ცნობილია რუსეთის ხელისუფლების უარყოფითი პოზიცია მუჰაჯირების შთამომავლების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მიმართ. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელის ალექსანდრე ხლოპონინის და ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურის არსენ კანოკოვის პირით მოსკოვი სისტემატურად ახმოვანებს რეგიონიდან მკვიდრი ჩრდილოეთ კავკასიელების გაყვანის პოლიტიკის აუცილებლობას რუსეთის ცენტრალურ ოლქებში და მის ფარგლებს გარეთ. ამ ვაკუუმის შევსება კი რუსულენოვანი კაზაკებით მიმდინარეობს. შექმნილი მიმართულებით გადაიდგა პირველი პრაქტიკული ნაბიჯები. სვერდლოვსკის ოლქში ჩაასახლეს ოთხი ათასი ინგუში და ყველაფერი კეთდება მათი რიცხვის გასაზრდელად.
ასეთ ვითარებაში რა შედეგებს გამოიღებს ჩერქეზული ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი მიმართვები რუსეთის ხელისუფლების სახელზე, ძნელი სათქმელია, რადგან მოსკოვი ამ თემაზე ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს. თუმცა იანვრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოსთხოვა ცნობა სირიაში ჩერქეზი მოსახლეობის პრობლემების შესახებ. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ დაუდასტურებელ ცნობებს სირიიდან 100 ჩერქეზული ოჯახის შესაძლო გადმოსახლების შესახებ, მაგრამ სად შეთავაზებენ საცხოვრებელ ადგილს და რა პირობებს წაუყენებენ გადმოსახლების მსურველ ჩერქეზებს, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ აგორებულ ტალღას გამოეხმაურა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ დაიწყო სირიაში მცხოვრები აფხაზების შესაძლო გადმოსახლების საკითხის განხილვა. ადრე არსებული ინფორმაციით, სირიაში ათასამდე ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყანაში არეულობის დაწყების შემდეგ მათი რიცხვი 10 ათასამდე აიყვანეს. აფხაზები სირიაში ისე როგორც თურქეთსა და სხვა ქვეყნებში სარგებლობდნენ ჩერქეზების სიმრავლითა და პოპულარობით და მათთან მთლიანობაში მოიაზრებდნენ თავს. 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა ჩერქეზულ დიასპორებში დაიწყო აფხაზებისაგან დისტანცირება, საერთო კავკასიური ორგანიზაციებისაგან გამოყოფა და დამოუკიდებელი ჩერქეზული ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ამის მიზეზად "დამოუკიდებელი" აფხაზეთის თითქმის რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად გადაქცევა გახდა. თავისი გზა აირჩია ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამაც. ამის შედეგად შეიცვალა საერთო ჩრდილო კავკასიური სტრატეგიული კურსი, რომელიც განსხვავებულია ჩერქეზული სამომავლო ეროვნული ინტერესებისაგან.
სირიელი ჩერქეზებისა და აფხაზეთის ისტორიულ სამშობლოში გადმოსახლებასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიის ადიღური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, ისე როგორც აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ხელმძღვანელები მითითებებს მოსკოვიდან ელიან, რის შედეგადაც დაიწყება ამ საკითხზე მათი გადაწყვეტილებების გამოქვეყნება. არსებული ინფორმაციით მზადდება სირიაში აფხაზური დელეგაციის ვიზიტი კავკასიის ხალხების კონგრესის თანათავმჯდომარის ტარას შამბას მეთაურობით, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს და ზატულინის და ბაბურინის ინსტრუქციების თანახმად მოქმედებს.
არანაკლები გართულება აქვს მოსკოვს აფხაზების მიმართ სირიიდან მათი თანამემამულეების გადმოსახლებასთან დაკავშირებით, რადგან მის ინტერესებში არ შედის აფხაზური ეთნოსის უმრავლესობის შექმნა აფხაზეთში, რაშიც მას ხელოვნურად მომრავლებული სომხური მოსახლეობაც უჭერს მხარს.
გარდა ამისა სირიელი აფხაზები, ისე როგორც ჩერქეზები, სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ერთი კონფლიქტური რეგიონიდან მეორე კონფლიქტურ რეგიონში გადასვლის შესახებ, მით უმეტეს კარგად იციან, რომ იქ მათი ჩასვლა არც რუსებს, არც სომხებს და არც აფხაზ სეპარატისტებს გულზე არ ეხატებათ. ქართველებისთვის წართმეულ სახლებში ჩასახლება მათთვის მიუღებელი იქნება ზნეობრივი თვალსაზრისითაც, სადაც მათი უსაფრთხოებაც არ იქნება გარანტირებული.
მხედველობაშია მისაღები, რომ სირიაში მყოფი ჩერქეზების და აფხაზების დღევანდელი თაობა იქ დაიბადა და გაიზარდა. არაბული ენა მათი მეორე მშობლიური ენაა და სხვებთან საურთიერთობოდ მას იყენებენ. ჩერქეზები, ისე როგორც სირიელი არაბები, სუნიტები არიან და არაისლამურ სამყაროში მათი ყოფნა ძნელი ასატანი იქნება. მუჰაჯირობის ერთ-ერთი მიზეზიც რელიგიური საკითხი იყო. უკიდურეს შემთხვევაში ისინი სხვა არაბულ ქვეყანაში უპრობლემოდ გადავლენ და იცხოვრებენ. რუსეთს შეიძლება თავი შეაფარონ იმ ჩერქეზებმა და აფხაზებმა, რომლებიც ძალოვან უწყებებში მსახურობენ და უშუალოდ მონაწილეობენ სირიელ მეამბოხეთა წინააღმდეგ ჩატარებულ რეპრესიებში.
ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ სირიიდან რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების უფლებას მისცემენ იმ ჩერქეზებსა და აფხაზებს, რომლებიც დათანხმდებიან ცხოვრებას ქვეყნის ნებისმიერ ოლქში, საკუთარი სახსრებით შეიძენენ უძრავ-მოძრავ ქონებას და ექნებათ საშუალება გარკვეული რაოდენობის ინვესტიციების შემოტანისა.
მუჰაჯირების შთამომავლებისთვის ცნობილია როგორ ექცევა რუსეთის ხელისუფლება და აფხაზი სეპარატისტები საკუთარი მიწა-წყლიდან უკანონოდ დევნილ ასობით ათას ქართველ მოსახლეობას, რომელთა შრომით შექმნილი და მილიარდებად ღირებული სახლები, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ობიექტები მიტაცებისა და უკანონო ვაჭრობის საგნებად არის ქცეული.
მოჰაჯირების შთამომავლებმა კარგად იციან, რომ ხელისუფლება, რომელიც ასე უხეშად თელავს მოსახლეობის ერთი ნაწილის უფლებებს, ვერ შეძლებს კანონიერად და ჰუმანურად მოექცეს სხვას. ისინი ეჭვის თვალით უყურებენ რეგიონში მიმდინარე პროცესების განვითარების პერსპექტივებს და არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას.
დაბრუნდებიან თუ არა სირიელი ჩერქეზები და აფხაზები ისტორიულ სამშობლოში? საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელი მოჰაჯირების და მათ შორის აფხაზების შთამომავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ოცნებობს დაბრუნებაზე. მაგრამ მათ არ დავიწყნიათ, რომ მათ წინაპრებს ერთხელ უკვე მიაყენეს გამოუსწორებელი და სასტიკი შეურაცხყოფა და განდევნეს ისინი საკუთარი სამშობლოდან. ისინი მოითხოვენ მათი მამა-პაპის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიშის მოხდას, სამშობლოში უპირობო და ღირსეულ დაბრუნებას და არა დამადლებულ შეწყალების აქციას, რასაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ სირიელი ჩერქეზებისა და აფხაზების პატარა ჯგუფებს უმზადებს რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიის ჩერქეზული რესპუბლიკების მარიონეტულ ხელმძღვანელებთან და აფხაზეთის სეპარატისტულ მესვეურებთან ერთად.
|