RSS
დამოკიდებული დამოუკიდებლობა: გზა არსაით
20.01.2012 14:17
სიმონ კილაძე
ექსპერტთა კლუბი

ამას წინათ ინტერნეტში რუსეთის ელექტრონული გამოცემების ვებ-გვერდებზე რამდენიმე „დიპლომატიურ ანეკდოტს“ წავაწყდი, რომლებიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს საკმაოდ მოსწრებულ სატირულ-იუმორისტული კონტექსტით გამოხატავენ.

მართლაცდა, ღიმილს მოგგვრის, როცა ასეთ რამეს წაიკითხავ: „ნიკარაგუის მიერ აფხაზეთის აღიარება დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენად შეფასდა: ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანანმა მანდარინი აღიარა“. ანდა კიდევ ასეთი ანეკდოტი: „როცა ნაურუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, კუნძულის ეროვნულმა ბანკმა ორივეს კრედიტიც გამოუყო - თითოეულს 500-500 ბანანი“.

რასაკვირველია, ამგვარი ირონიული წიაღსვლებით სულაც არ გვსურს ჩვენი სოხუმელი და ცხინვალელი თანამოქალაქეების განაწყენება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: საქართველოს სეპარატისტული მხარეების „დამოუკიდებელ“ დიპლომატიურ შემოქმედებას, იუმორისტულად თუ არა, სხვაგვარად ვერც აღიქვამ. იმავდროულად, არის მასში რაღაც დადებითიც: სწორედ სოხუმ-ცხინვალის ე.წ.საგარეო პოლიტიკის „მნიშვნელოვანმა“ მიღწევებმა გაგვახსენა წყნარ ოკეანეში ჩაკარგული კუნძულ ნაურუს არსებობა, რომელიც გუანოს (ფრინველთა ექსკრემენტების) საბადოების დამუშავებით ჯერ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, დღეს კი ეკოლოგიურად განადგურებული და უკიდურესად ღარიბი სახელმწიფოების რიცხვშია მოქცეული; გაგვახსენა ასევე ღარიბი კუნძული ტუვალუ, რომელსაც, როგორც კლიმატოლოგები ამტკიცებენ, რამდენიმე წლის შემდეგ წყნარი ოკეანის ტალღები შთანთქავს; გაგვახსენა პერმანენტულ კრიზისში მყოფი კუნძული ვანუატუ, რომელმაც აფხაზეთთან „ურთიერთობით“ თავი მართლაც ანეკდოტურ მდგომარეობაში ჩაიგდო - წინა მთავრობამ სეპარატისტთა „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მომდევნომ კი გააუქმა... მოკლედ, სახეზეა ტროპიკული ეგზოტიკა პოლიტიკური კურიოზებით.

აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, მაგალითად, ირაკლი ხინთბა ან მურატ ჯიოევი, ანდა დიპლომატიის ფრონტზე მებრძოლი რომელიმე აფხაზი ან ოსი ჩინოვნიკი შეიძლება შემომედაოს - ნიკარაგუა და ვენესუელა ხომ სერიოზული სახელმწიფოები არიანო. ჰო, მოსახლეობითა და ფართობით ორივე ლათინურამერიკულ ქვეყანას მიკრონეზიურ თუ პოლინეზიურ ჯუჯებს - ნაურუსა და ტუვალუს მართლაც ვერ შევადარებთ, მაგრამ ვენესუელა და ნიკარაგუა თავიანთი ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემების წყალობით მაინც და მაინც სამაგალითო სახელმწიფოებად ვერ ჩაითვლებიან. მით უმეტეს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ კარაკასმა და მანაგუამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ქრთამის - რუსეთის მიერ ფაქტიურად ნაჩუქარი შეიარაღების საფუძველზე აღიარეს.

რას იზამ, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს, გინდაც ის ტანკებისა, კალაშნიკოვებისა და რაკეტების სახით იყოს... კომანდანტე დანიელ ორტეგასა და პოდპოლკოვნიკ უგო ჩავესს ოღონდ იარაღი მიეცი და ისინი რუსეთის ყველა სურვილს შეასრულებენ. მთავარი ისაა, რა სარგებლობა მიიღეს ჩვენებურმა სეპარატისტებმა ლათინურამერიკელი მარგინალების მხრიდან გაცხადებული აღიარებით? ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჭრობა არ ვითარდება, სოხუმში ვერ ვხედავთ და ალბათ, ვერასდროს დავინახავთ ვენესუელურ-ნიკარაგუური კომპანიების ოფისებს, ჩავესის ნავთობით დატვირთულ ტანკერებს... რაც შეეხება კარაკასში არსებულ „აფხაზეთის საელჩოს“, ბოქსიორთა მწვრთნელი ელჩის გარდა, პერსონალი რუსებითა და ვენესუელელებითაა დაკომპლექტებული.

მწარე სიმართლეა სეპარატისტებისათვის: გასულ წელს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკური ურთიერთობა ამღიარებელ სახელმწიფოებთან (რუსეთის გარდა), არაფრით არ გამოხატულა, თუმცა აქ გასაკვირიც არაფერი არ უნდა იყოს: სოხუმიც და ცხინვალიც ხომ უმთავრესად რუსული ფინანსურ-მატერიალური ინექციებით განაგრძობენ არსებობას. საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება ხელოვნური სუნთქვა...

საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან მიმართებით აფხაზური დიპლომატიის ერთადერთი მნიშვნელოვანი წარმატება, ალბათ, დომინოს საერთაშორისო ფედერაციაში წევრად მიღებაა (ოსურმა დიპლომატიამ, სამწუხაროდ, მოიკოჭლა). ყოველ შემთხვევაში, თვითონ აფხაზები თვლიან, რომ ეს ორგანიზაცია არაფრით ჩამოუვარდება გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ეუთოს... სწორედ ამის დადასტურებაა, რომ სოხუმში შარშან დიდიდ აპლომბით მსოფლიოს უდიდესი სპორტული დღესასწაული - დომინოს მერვე ჩემპიონატი გაიმართა! ჭეშმარიტად, ყველას ნამდვილად არ ღირსებია ამგვარი პატივი...
რა იქნება 2012 წელს, როგორი პერსპექტივა მოჩანს დიპლომატიურ ფრონტზე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისათვის“?

მართალია, საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ ხშირად ხდება ისეთი მოვლენები, რომელთა წინასწარ გათვლა და პროგნოზირება რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც, მაგრამ აფხაზ და ოს სეპარატისტებს შეიძლება ზუსტად ვუწინასწარმეტყველოთ: დამოუკიდებლობის არაღიარების ტენდენცია შენარჩუნდება 2012-შიც - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ კვლავ დიპლომატიურ იზოლაციაში დარჩებიან. აშკარა, რომ სოხუმში და ცხინვალში არსებული და „ამაყ მარტოობაში“ მყოფი რუსეთის საელჩოები ისტორისათვის ერთადერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობად შემოინახება.

გარდა ამისა, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისათვის“ კვლავ დახურული იქნება გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების კარები. ანუ უნივერსალურ სამთავრობოთაშორისო გაერთიანებებში ვერცერთი ვერ გაწევრიანდება; ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ სეპარატისტები წევრად მიიღონ დომინოს ფედერაციის მსგავს რომელიმე ნაკლებადცნობილ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაში; და ბოლოს, უკვე მერამდენედ, მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც გავიმეორებთ: რუსეთზე ესოდენ მკვეთრად გამოხატული დამოკიდებულება, მოსკოვზე ორიენტაცია სოხუმისა და ცხინვალისათვის ახლო და შორეულ პერსპექტივაში მხოლოდ ზიანის მომტანია. ეს გზა, ფაქტიურად, არის „გზა არსაით“, ეს არის მათი ეროვნული ღირსების შელახვის გზა, სუვერენიტეტის შელახვაზე რომ არაფერი ვთქვათ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი