RSS
აფხაზური ისტორიოგრაფიის მითოლოგემა სამურზაყანოს შესახებ
24.01.2012 15:45
ირმა კვაშილავა

აფხაზეთის ტერიტორიის ადგილობრივი მოსახლეობის დადგენა, სამურზაყანოელების ეთნოკულტურული კუთვნილების ობიექტური შეფასება (და არა ფაქტების გაყალბება, და არც კვლევის ტენდენციურობის ურთიერთგადაბრალება) მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აფხაზურ - ქართული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. აფხაზ მეცნიერებს განსაკუთრებით აღელვებთ ზემოთხსენებული სამურზაყანოს მოსახლეობის საკითხი, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ დაადასტურებენ იმას, რომ ეს მოსახლეობა ოდესღაც აფხაზური იყო, ამით დღევანდელ კონფლიქტურ სიტუაციას თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტენ და აფხაზეთიდან ქართველთა გამოდევნას მეცნიერულ საფუძველს შეუქმნიან.

სამწუხაროდ აფხაზი მკვლევარები მითოლოგემებს ქმნიან და სამურზაყანოს ეთნოისტორიული პრობლემების განხილვისას მათ ტყვეობაში ექცევიან. ამ თვალსაზრისით ბოლო პერიოდში თავი აფხაზმა ეთნოლოგმა თეიმურაზ აჩუგბამ გამოიჩინა. როგორც უკვე ავღნიშნეთ ის სამურზაყანოს მოსახლეობის ეთნოკულტურული კუთვნილების საკითხით არის დაინტერესებული. საკითხის აქტუალობა განპირობებულია იმითაც, რომ აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფალნი შეშფოთებულნი არიან ”ქართველების უფლების აღდგენით’’ გალის რაიონში - ამ ეკონომიკურად და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში. მათ აქვთ იმის დასაბუთების სურვილი, რომ ისტორიული სამურზაყანოს ანუ დღევანდელი გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზები შეადგენენ. შესაბამისად, თ. აჩუგბა უნდობლობას უცხადებს წინა ეპოქის სხვადასხვა წლებში ჩატარებული საკავშირო აღწერების მასალებს, რომელთა მიხედვითაც ქართველები რეგიონის მოსახლეობის 93,8 % შეადგენდნენ, ხოლო აფხაზები - 0,8 %. გალის რაიონის მოსახლეობის ასეთი თანაფარდობა მკვლევარს საკმარისად არ მიაჩნია იმისათვის, რომ ქართველები სამურზაყანოს მკვიდრად აღიაროს.

გარდა ამისა, ცალკე ქვეთავში - ”ჩვენ აფხაზები ვართ და არა მეგრელები” თ. აჩუგბა წერს: ”გალის რაიონში კომპაქტურად დასახლებული ქართული მოსახლეობა, რომლისთვისაც ქართული ენა არის მშობლიური, არასოდეს არ ცხოვრობდა. არც დღეს ცხოვრობენ. ამჟამად აფხაზეთის რესპუბლიკის ამ რეგიონში ცხოვრობს მეგრულენოვანი მოსახლეობა, რომელთა დიდი უმრავლესობა აფხაზები იყვნენ”.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ XVII საუკუნეში, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროებს შორის გამართულ შინაფეოდალურ ომებში, სამეგრელომ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორია, მათ შორის ენგურ - ღალიძგის წყალშუეთი, რომელსაც მოგვიანებით სამურზაყანო ეწოდა, დაპყრობილ ტერიტორიაზე აფხაზური ეთნიკური ბირთვის გასაძლიერებლად სამურზაყანოს მმართველებმა აქ აფხაზები ჩამოასახლეს, რომლებიც აღნიშნულ მხარეში პირველად მაშინ გამოჩნდნენ. შესაძლებელი იყო ჩამოსახლებულ აფხაზებს მეგრულად ესაუბრათ? თ. აჩუგბასათვის, როგორც სჩანს, მისაღებია, რომ ”სამურზაყანოელები (მკვიდრი
გალელები) ეთნიკურად ანუ წარმომავლობით, მრავალი წეს - ჩვეულებით და ტრადიციით აფხაზებია, ხოლო ენობრივად - მეგრულენოვანი”. რა უნდა ითქვას ამ მოსაზრების შესახებ? სამწუხაროა, რომ ეთნოლოგი ანგარიშს არ უწევს ეთნოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებულ აქსიომას, რომ წარმომავლობა არ არის ეთნიკურობის განმსაზღვრელი - ეთნიკურობა თვითშეგნებით გამოიხატება. ერთადერთი რასაც თემურ აჩუგბა ჩასჭიდებია არის ის, რომ, თურმე სამურზაყანოს ქართული მოსახლეობა, რომელსაც ის მიზანმიმართულად ეთნიკური ჯგუფის აღმნიშვნელი სახელწოდებით - მეგრელებად მოიხსენიებს, მრავალი წეს - ჩვეულებითა და ტრადიციებით არის აფხაზური. მაგრამ სად დაადგინა მან, რომ სამურზაყანოს მკვიდრი ქართველების ეთნოკულტურა არის აფხაზური და არა ქართული? ან რატომ არ უწევს ის ანგარიშს იმას, რომ ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი მეზობლობისა და თანაცხოვრების შედეგად ეთნოკულტურის მსგავსი ელემენტები ჰქონდეთ შექმნილი. რა ქართველი და აფხაზი ეთნოსები ერთმანეთისაგან ისე იზოლირებულად ცხოვრობდნენ, რომ ერთმანეთისაგან არაფერი ესესხებიათ და მიეღოთ? წეს - ჩვეულება და ტრადიცია კი იყო ის ერთადერთი ნიშანი, მაგრამ არა მთავარი და განმსაზღვრელი ფაქტორი.

თ.აჩუგბა სამურზაყანოს ისტორიული საზღვრებისა და სამურზაყანოელების ისტორიულ წარმოშობასთან დაკავშირებით, უცხოელ მკვლევარებს იშველიებს: ჟ.გამბას, ფ. ტორნაუს, ა. ბერჟეს, მ. პეისონეილის და სხვებს. ის განგებ უვლის გვერდს წყაროებში იმ მონაცემებს, რომლებიც მას სამურზაყანოელების აფხაზებად წარმოჩენის შესაძლებლობას არ მისცემდა. მაგალითად, დიაჩკოვ - ტარასოვი წერდა, რომ „Мингрельские Дадиани старались овладеть единоплеменной Самурзаканью” (დიაჩკოვ - ტარასოვი, 1909 – 1910 გვ.159). წყაროების ურთიერთ შედარების საფუძველზე, ბევრი უზუსტობა აშკარავდება, ამიტომ არსებული ვითარების სარწმუნო შემფასებლებად ნიკო ჯანაშია და პეტრე ჭარაია რჩებიან. მათი შეხედულებით, სამურზაყანო მეგრელებითაა დასახლებული, მეგრელთა ქვეყანაა. აქ მხოლოდ მაღალი წოდების თავადაზნაურობა იყო აფხაზური, ხოლო გლეხობა მეგრელებისაგან შედგებოდა, თუმცა აქა - იქ აფხაზებიც ერივნენ (ჯანაშია ნ.,1902).

მთელ სამურზაყანოში მეგრულად საუბრობენ. მის დასავლეთ ნაწილში, უფრო მთაგორიან ადგილებზე, აფხაზურიც იციან, ხოლო სამურზაყანოს შუა და უფრო აღმოსავლურ ნაწილში აფხაზურისა არა გაეგებათ - რა. სამურზაყანოელები რომ იგივე მეგრელებია (ქართველები), ენა, ეს უმთავრესი ნიშანი ეროვნებისა, ამტკიცებს ამას (ჭარაია,1897, გვ.218).

სამურზაყანოში ჩამოსახლებული აფხაზების უმნიშვნელო რაოდენობა აქაურ ეთნიკურ სურათს ვერ შეცვლიდა და არც შეუცვლია. აფხაზი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე შენიშნავდა, რომ ამ რეგიონის გააფხაზება (Абхазизация) გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა (ანჩაბაძე ზ. 1976,გვ.68). საბოლოოდ აქ აფხაზური ეთნოსი ვერ დამკვიდრდა. ორ საუკუნეზე მეტია საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ ზოგირთი მკვლევარები. მართალია ბევრ ვერაფერს მიაღწიეს, მაგრამ სადავო გახადეს სამურზაყანოელების ქართველობა და მათი ქართული წარმომავლობა, ხოლო ამ დებულებას ყოველთვის გამოუჩნდა მიმდევარი.

გვიან პერიოდში სამურზაყანო დადიან - შერვაშიძეს შორის საცილობელ რაიონს წარმოადგენდა. სამეგრელოს მთავარი მისი შემოერთებით ფიქრობდა სამურზაყანოზე დაკარგული ბატონობის აღდგენას, თუმცა დაქვემდებარების შემთხვევაშიც კი არ იყო მისი ძალაუფლება განმტკიცებული (აქტები, 1868 გვ.408 გრაფი პასკევიჩი, 1889, გვ. 125).

რაც შეეხება აფხაზეთის მთავართან სამურზაყანოელების დამოკიდებულებას, მ. სელეზნიოვა გარკვევით მიუთითებს: ”дикий народ с вольным духом, не хотел знать ни ту, ни другую, управляла властью собственного князя из дома Шервашидзе (სელეზნიოვა მ.,1847, გვ.135). განხილული მონაცემების მიხედვით, აშკარაა, რომ სამურზაყანო არც ერთ ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა. ის აფხაზეთის მთავრის კუთვნილება რომ ყოფილიყო, რუსეთის ადმინისტრაცია საზღაურს სამეგრელოს მთავარს კი არ მისცემდა და ამით მიხეილ შერვაშიძეს არ შეურაცხყოფდა, რომელმაც ზოგიერთი სხვა ფაქტის ზეგავლენითაც, თავისი პროტესტი სამთავრობო უფლებებზე უარის თქმით გამოხატა (ჯანაშია ს.., 1946, გვ.8). მთავრები სამურზაყანოს სამეგრელოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. ეს იმან განაპირობა, რომ ”აფხაზეთის მთავართა მიერ დაპყრობილი სხავა ნაწილისაგან განსხვავებით აქ მეგრული (ქართული) აფხაზურით არ შეიცვალა და არც მაჰმადიანობა არ გავრცელდა” (ცინცაძე ზ., 1989, გვ. 100).


ავტორის თანახმად, სამურზაყანოელები რომ აფხაზურ ეთნოსს მიეკუთვანება, ამაზე ქართული პრესაც წერდაო (იგულისხმება გაზეთი ”დროება”). კერძოდ, 1867 წლის აფხაზების მორიგი დეპორტაციის დროს, სამურზაყანოელებსაც თურმე გაძევების ეშინოდათ. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მათი შიში არც თუ ისე უსაფუძვლო იყო. საქმე იმაშია, რომ დეპორტირებულთა რიცხვში ქართველებიც (მეგრელები) აღმოჩნდნენ. სამურზაყანოელები აფხაზებისაგან განსხვავებით, პოლიტიკურად სრუალიად საიმედოდ ითვლებოდნენ. სწორედ ამიტომ, მუჰაჯირობა შეეხო აფხაზეთის ყველა რეგიონს, გარდა სამურზაყანოსი. ასე იმიტომ მოხდა, რომ აქ აფხაზი მოსახლეობა არ ცხოვრობდა.

ავტორი ამტკიცებს, რომ სამურზაყანოს აფხაზურ სოფლებში მეგრელების დასახლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ აფხაზები, რომლებსაც როგორც დაუპატიჟებელ სტუმრებს თავიანთი სასოფლო თემის წევრებად არ ღებულობდნენ. ნებას არ რთავდნენ გადასხლებულებს ”ახალი თემის შექმნისათვის”. საინტერესოა, რომელ აფხაზურ სოფლებს გულისხმობს მკვლევარი, როდესაც კ.მაჭავარიანი აღიარებდა, რომ კოდორის, გუმისთის და გუდაუთის უბნებში ცხოვრობენ აფხაზები და მეტყველებენ აფხაზურად. სამურზაყანოელები მეგრელებთან მეზობლობის შედეგად, საუბრობენ მეგრულად და მხოლოდ სამ სოფელში გამოიყენება აფხაზური ენაო (საოჯახო სიები,1893), რომლებიც მოგვიანებით ჩამოაცილეს სამურზაყანოს და ოჩამჩირეს მიაკუთვნეს. ამრიგად, გადმოსახლებული და დამხვდური მოსახლეობა ერთმანეთს გაუგებდა, ვინაიდან საერთო ენაზე - ქართული ენის მეგრულ შტოზე მეტყველებდა. ავტორი წერს, რომ ”სამეგრელოდან გადმოსახლებულებს რუსეთის ადმინისტრაცია უკან აბრუნებდა, მაგრამ ეს უკანასკნელები არა მარტო თვითონ ბრუნდებოდნენ, არამედ ახლობლებიც მოჰყავდათ და ხელისუფლებისგან ფარულად უღრან ტყეში სახლდებოდნენ”…

საქართველოს ერთი კუთხიდან მოსახლეობის გადასახლება ფეოდალური ურთიერთობების ყოველღიურ მშვიდობიან პირობებში ხდებოდა. აღნიშნული ვითარების შესახებ არანაკლებ საინტერესოა აფხაზეთიდან ( კერძოდ, აფხაზების) გადმოსახლებულების ფიქსაცია. მაგ., ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მცხოვრები არნანიები, თავს არლანების მოგვარედ და ნათესავად თვლიან (არნანია ა., 1999,გვ. 13). ლეჩხუმის სოფელ ისუნდერში მცხოვრები მანდარიების ძირი მარღანიაა, რომლებიც მესისხლეობის გამო მოსულან გალიდან ლეჩხუმში (თოფჩიშვილი რ., 1993, გვ 16). იმერეთში (ოკრიბაში) ქაშიბაძეები აფახზეთიდან მოსულან. მათი წინაპარი ქაშბა ყოფილა. აფხაზები ყოფილან ოკრიბის მკვიდრი უკლებებიც და შარვაძეებიც - შერვაშიძე. სენაკისა და აბაშის რაიონებში აფხაზეთიდან მოსახლეობის მიგრაციის არაერთი შემთხვევებია, რომელთა საგვარეულოების ძირი-ხატის ილორის წმინდა გიორგის მოსალოცავადაც დადიოდნენ. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა: ”მოსახლეობის მოძრაობის სურათის ძებნა ძირი-ხატით ყველაზე საიმედო ხერხია” (ბერძენიშვილი ნ., 1964. გვ. 235).

1886 წლის საოჯახო სიების მიხედვით, სამურზაყანოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა (იგულისხმება მხოლოდ ”სამურზაყანოელი” და ”მეგრელი” და - არც ერთი აფხაზი), 30.529 შეადგენდა, ანუ 5.933 კომლს (საოჯახო სიები, 1893, გვ. IX). აქედან ავტორის აზრით, 29.520 აფხაზური ოჯახების წარმომადგენელია. მოგვიანებით იგი მიმართავს გ. ბრეკერის 1895 წლის ცნობას, რომელიც წერს, რომ ”სამურზაყანო თითქმის გამეგრელდაო”. ნუთუ არ დაფიქრდა, 984 მეგრელს შეეძლო გავლენა მოეხდინა 29.520 აფხაზზე და მკვეთრად შეეცვალა ეთნიკური სურათი?!

ავტორს ავიწყდება, რომ სტატისტიკურ მონაცემებს და მითუმეტეს ცრუ ბრალდებებს მკვლევარი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. მხარის კოლონიზაციას რუსეთის ადმინისტრაცია საგანგებოდ ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ამისა, მას სტიქიური ხასიათი ჰქონდა. ქართველი ინტელინგენცია განსაკუთრებით გულშემატკივრობდა სამშობლოდან გადახვეწილ კავკასიელებს, ძირითადად აფხაზებს; სწორედ ქართველი მოწინავე საზოგადოების ძალისხმევის შედეგია, რომ მუჰაჯირობიდან დაბრუნებული აფხაზების ფუძემ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აჭარაში გაიხარა. ცილისწამებაა, თორემ განა ქართველების ბრალია აფხაზების რიცხობრივი სიმცირე?
თ.აჩუგბამ მთავარი ყურადღება მიაპყრო ენას - ეთნოსის განმსაზღვრელ ნიშანს. ის წერს: ”თანდათან აფხაზებმა გაითავისეს (შეითვისეს) მეგრული ენა, ხოლო მეგრელებმა - აფხაზური. ე.ი. მოსახლეობა გახდა ორენოვანი ... ”მისი აზრით, თითქოს სამსახურებრივ თანამდებობაზე მოსახვედრად აფხაზებს მეგრული მეტყველების შესწავლა სჭირდებოდათ, რაშიც აშკარად ცდება. მეგრული სახელმწიფო ენის ფუნქციას ვერ შეასრულებდა, შესაბამისად არ გამოადგებოდათ. რაც შეეხება მოსახლეობის ორენოვნებას, მისი გავრცელების არეალი მდ. ოხურეის მარჯვენა სანაპიროსა მდ. ღალიძგის მარცხენა სანაპიროთი იფარგლება (ცაგარელი ა., გვ.8). სხვაგან ყველგან გაბატონებული იყო მეგრული ენა, გარდა ბედიის საზოგადოებისა, სადაც ”უმრავლესობა საუბრობდა ჯერ კიდევ აფხაზურად და თავს აფხაზად მიიჩნევდა (პენტიუხოვი, ი., 1892).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოხუმის ოლქში ცარიზმის ბიუროკრატია მთელი სიმკაცრით დევნიდა ქართულ ენას და კულტურას. მართებული შენიშვნით, სოხუმის ეპარქიას 1885 წლიდან 1919 წლამდე მართავდნენ რუსი ეპისკოპოსები, რომლებიც ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ აფხაზების გარუსებისა და ქართველებთან დასაპირისპირებლად. ამისათვის ეგზარქოსებად განგებ ინიშნებოდნენ ისეთი პირები, რომლებსაც სძულდათ ქართველი ხალხი, ქართული ენა, ქართველი ერის კეთილდღეობა” (ნიკოლაძე ნ., 1918, გვ 210). არსებობს ისტორიული ფაქტები, რომლის დავიწყება შეუძლებელია. ასე მაგალითად, 1900 წელს სოხუმის ეპისკოპოსი წერდა: ”ქართველების მოძრაობა დიდად აბრკოლებს აფხაზების გარუსების და გადაგვარების საქმეს” (ნუცუბიძე ს., 1999).


ვერ დავეთანხმებით თ. აჩუგბას პოზიციას, თითქოს სამურზაყანოს ეთნიკურ თვითშეგენებაზე გვარების შეცვლამ იმოქმედა, რომლის ”ინიციატორები ქართველები, უფრო ზუსტად მეგრელი ღვთის მსახურები იყვნენ, რომლებიც ჩვეულებრივ ნათლობისას მოსახლეობას გვარებს უცვლიდნენ”. ჯერ ერთი, ფეოდალურ აფხაზურ გვარებს ყოველთვის ჰქონდათ თანადამხვდური ქართული ფორმები, რომელიც ჩნდება არაუგვიანეს საქართველოს გაერთიანების პირველი საუკუნეებიდან (ანჩაბაძე გ., 1999). მეორე, ნათლობისას იცვლება მხოლოდ პიროვნების სახელი, ისიც სურვილისამებრ ან საჭიროების შემთხვევაში. წარსულში ძლიერი სახელმწიფოს არსებობაზე, რომელსაც სათავეში ედგა ერთიანი საერთო აფხაზი მეფე - აფსხა, ან 1864 წელს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვაზე და მსგავს არაკვალიფიციურად დასმულ საკითხებზე დისკუსიას აღარ გავაგრძელებ. არც იმაზე ღირს დავა, თუ საქართველოს შოვინისტურმა წრეებმა როგორ დახურეს აფხაზური სკოლები (არასოდეს ფუნქციონირებდა ისტორიულ სამურზაყანოში); და ა.შ.

ავტორი კვლავინდებურად არჩევს წინააღმდეგობრივ, არაზუსტ და ცალმხრივ ფაქტებს, რაც მის ნაშრომს ანტიქართულ მიმართულებას აძლევს. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი დასაძრახი მოსაზრება. ”სამურზაყანოელების საკუთარი ისტორიული ფესვებისადმი პატივისცემისა და აფხაზური ნაციონალური თვითშეგნების შენარჩუნებაზე ირიბად მიანიშნებს უდავო ფაქტი, რომ განვლილ ომში სამურზაყანოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აფხაზეთისა და აფხაზების წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია”. გალის რაიონის ოკუპაციის შედეგად, მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალისა და ნგრევის ზუსტი სურათის დადგენა შეუძლებელია. დახოცილი უდნაშაულო მოქალაქეების რიცხვი 1300 შეადგენდა (1998 წლის მონაცემებით). მთლიანად დამწვარი და განადგურებულია 4200 კერძო საცხოვრებელი სახლი, მუნიციპალური და საბინაო ფონდის 70%. პარტიზნებთან ბრძოლის საბაბით გადამწვარი და მიწასთან გასწორებულია რაიონის 12 დასახლებული პუნქტი. ნაწილობრივ დანგრეული და მთლიანად გაძარცვულია სასურსათო მრეწველობის ობიექტების 75-80% (ნადარეიშვილი თ., 1998, გვ. 154). ცხადია რეალური ვითარების ადგილზე შესწავლის შემდეგ ზარალის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. საკითხავია, თუ სამურზაყანოელებმა თავიანთი ისტორიული ფესვებისა და შენარჩუნებული ეთნიკური თვითშეგნების გამო არ გაუწიეს წინააღმდეგობა აფხაზებს, რატომ არ გამოიწვია ამან მათ ”თანამოძმეებში ადექვატური რექცია ”?!

მკვლევარი ნაშრომის დასაწყისში შენიშნავს, რომ სამურზაყანოელების ეთნოკულტურული კუთვნილების მართებული განსაზღვრა ხელს შეუწყობს კონფლიქტის დარეგულირებას. უპრიანი იქნება თ. აჩუგბას მეცნიერ-ისტორიკოსის ის ზნეობრივი პასუხისმგებლობა, ”რომელიც მას აკისრია და ავალებს თავისი დაუსაბუთებელი ჰიპოთეზები ისტორიის სინამდვილედ არ წარმოადგინოს” (ჯავახიშვილი ივ., 1939, გვ.4).

ამრიგად დღევანდელი აფხაზეთის ხელისუფლების მიზანია, გალის რაიონის მოსახლეობა აქციონ აფხაზეთის ”ჭეშმარიტ მოქალაქეებად”, საამისოდ ჯერ აღვიძებენ ”მეგრულ თემას”, შემდეგ კი ”აფხაზურ ფესვებს” ახსნებენ. იმედოვნებენ, რომ გალელები ერთი - ორი თაობის განმავლობაში აღიდგენენ ნამდვილ ეროვნებას ანუ გააფხაზდებიან. ამ მიზანს ემსახურებოდა ტერიტორიის ახალი ადმინისტრაციული დანაწევრება, რის შედეგად გალის რაიონში შემავალი სოფლები ოჩამჩირის რაიონსა და ქ. ტყვარჩელს მიუერთეს, რათა გაადვილდეს მოსახლეობის ასიმილაციის პროცესი.

დაბოლოს, არ შეიძლება თ. აჩუგბას არ დავუსვათ ერთი შეკითხვა: ქართველი ეთნოლოგებისა და ისტორიკოსებისათვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ეთნიკურ გარემოში, ქალაქ ბათუმში ხართ დაბადებული და გაზრდილი, სადაც აფხაზების უკვე რამდენიმე თაობა კომპაქტურად ცხოვრობს. ქართველებმა აჭარაში როდისმე რაიმე ისეთი ქმედება ჩაიდინეს, რომ აქ აფხაზების ეთნიკურ ცნობიერებას საფრთხე შექმნოდა? მხარში არ გედგნენ ქართველი მეცნიერები, რომ დაუფლებოდით მეცნიერების საფუძვლებს? გასწავლიდნენ ერთს, მაგრამ თქვენ სამწუხაროდ, მეორე ისწავლეთ; ეს მეორე კი - ისტორიის გაყალბება და მითოლოგემების შექმნა.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი