ედუარდ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგი მარტო ძამბოლათ თედეევი არ აღმოჩნდა, რომლის სახლიც რუსეთის "ფსბ" -ს წარმომადგენლებმა 25 იანვარს გაჩხრიკეს. მის გარდა გაჩხრეკილ იქნა ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენლის - როდიონ სიუკაევის მოსკოვის ბინაც. არსებული ინფორმაციით, ის პასუხისმგებელი იყო ცსკო -თან ურთიერთობაზე და დამკვირვებელთა მუშაობის კოორდინაციაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" დროს, რომლის შედეგებიც გაუქმებული იქნა ოპოზიციური კანდიდატის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ.
როგორც "Газета.Ru" იუწყება, "ფსბ-ს თანამშრომლები მოსკოვში გამოცხადნენ იმ მისამართზე, სადაც სიუკაევია რეგისტრირებული. მოვიდნენ დილით რვის ნახევარზე, იყვნენ კორექტულები. მაგრამ მე ამ ბინაში დიდი ხანია არ ვცხოვრობ, მათთან ჩემი ყოფილი ცოლი ურთიერთობდა, - მოუყვა გამოცემას ოპოზიციონერი. მე იმდენად კანონმორჩილი ადამიანი ვარ, რომ 47 წლის განმავლობაში არცერთხელ არ ვყოფილვარ მილიციაში მიყვანილი. ჩხრეკა დაკავშირებულია არჩევნებზე ალა ჯიოევასათვის ჩემს მიერ გაწეულ დახმარებასთან და აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციასთან".
აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებს არაფერი არ ამოუღიათ, - აღნიშნავს გამოცემა. - ამავე დროს, ოპოზიციონერის ყოფილი ცოლის განცხადებით, ფსბ-ს თანამშრომლები მოიხსენიებდნენ "სამხრეთ ოსეთს", ჯიოევას კონკურენტს და კრემლის ფავორიტს ანატოლი ბიბილოვს, რომელსაც მარიონეტული რეჟიმის მთავრობაში საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობა უკავია.
|