რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ძლიერი წვიმების გამო ფიჯიზე ვიზიტის გადადებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.
ამასთან, მან უარი თქვა იმ ინფორმაციის კომენტირებაზე, რომლის თანახმად, ლავროვმა ფიჯიზე ვიზიტად გამგზავრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს.
"მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილება სუვერენული უფლებაა, ამიტომ აქ საკომენტარო არაფერია", - დასძინა ლუკაშევიჩმა.
ბოლო დღეებში ფიჯიზე კოკისპირულმა წვიმებმა წყლის დონის სერიოზული მატება გამოიწვიეს. გამოითქვა ვარაუდი, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ლავროვის ვიზიტი, რომლის მიზანი, სავარაუდოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების მიღებაა, გაურკვეველი ვადით გადაიდოს.
|