RSS
ჩრდილოეთ ოსეთში "ფსბ"-მ ჯიოევას მომხრეების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
03.02.2012 12:47

ჩრდილოეთ ოსეთში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2011 წლის ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებში" ძალით გამარჯვება წართმეული, მარიონეტული რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილი ალა ჯიოევას მომხრეების დევნა გრძელდება. რამდენიმე მისი მომხრეების დაკავების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთის "ფსბ"-ს თანამშრომლებმა ჯიოევას შტაბის სხვა წევრების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

კერძოდ, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოღებული იქნა ელინა მარზოევას ბინიდან, ადამიანის უფლებების დამცველ რუსლან მაგკაევის და დაკავებული ხუგაევისა და კალოევის ადვოკატის რუსლან კალოევის სახლებიდან. მაგკაევის სახლიდან ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა საგაზეთო მასალები. ამის შესახებ "Кавказский узел"-ს თვითონ ე.მარზოევამ და რუსლან მაგკაევის ქალიშვილმა ელენა მაგკაევამ შეატყობინა.

ელენა მაგკაევას განცხადებით, მამამისი და ელინა მარზოევა გასაუბრებაზე "ფსბ"-ში დაიბარეს. მარზოევას განცხადებით იგი 2011 წლის ნოემბერში "სამხრეთ ოსეთში" გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრულ საქმეში მოწმის სახით გადის.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ ოსეთში დაკავებული იყვნენ ჯიოევას მომხრეები: ვლადისლავ ხუგაევი, ვლადისლავ კალოევი, რობერტ ტაბუევი, თეიმურაზ ხუგაევი, სოსლან კოკოევი. ეს უკანასკნელი ინტერნეტ გვერდის "Уасамонга"-ს დამფუძნებელია. ყველა მათგანისათვის ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვის ბრალდებაა წაყენებული. 2011 წლის 27 დეკემბერს დაკავებული იქნა ამავე ვებ-გვერდის ადმინისტრატორი ჰენრი კაჩმაზოვი.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი