რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში, სოფელ საკენში, სამხედრო ბაზის მშენებლობა დაასრულეს. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "ივერონი" ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით.
მათივე თქმით, 5 სართულიანი კეთილმოწყობილი კორპუსები უკვე მზადაა სამხედროების მისაღებად.
კიდევ ერთი სამხედრო ბაზა, რომელიც კოდორის ხეობაში რუსი სამხედროებისთვის შემოდგომაზე აიგო, სოფელ გენწვისშია განთავსებული.
რაც შეეხება საგუშაგოებს, ადგილობრივების ინფორმაციით, რუს სამხედროებს ისინი ხეობის ოთხ სოფელში - საკენში, გენწვისში, ომარიშარასა და ქვაფჩარაში - აქვთ მოწყობილი.
მათივე ინფორმაციით, ერთი თვის წინ, ოკუპანტებმა კოდორი-ჭუბერის დამაკავშირებელი 45-კილომეტრიანი გზა გახსნეს, უღელტეხილზე კი საგუშაგო მოაწყვეს.
"ამ დრომდე გზა უვარგისი და გამოუყენებელი იყო. გზის რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკვე დასრულდა კიდეც. გზა ჩვულ რეჟიმში კონტროლდება. "- ყვებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთა მონაცემებით, ამ დროისთვის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნებული, 70 ქართული ოჯახი ცხოვრობს.
|