RSS
აფხაზეთში განადგურებულია მილიონ ნახევარი მანეთის ღირებულების ქართული საქონელი
04.02.2012 17:25

ოკუპირებულ აფხაეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონ 500 ათასი მანეთის ღირებულების (დაახლოებით 50 ათასი დოლარი) საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან შეტანილი ხილი, ბოსტნეული, მინერალური წყალი "ბორჯომი", გაზიანი სასმელები და ქართული წარმოების ღვინო განადგურდა. ამის შესახებ ცნობა "Апсныпресс" - მა აფხაზური "საბაჟო კომიტეტის" უფროსის პირველ მოადგილეზე ზურაბ აშუბაზე დაყრდნობით გაავრცელა.

მისი მონაცემებით, ბოლო წლის განმავლობაში აფხაზი ”მებაჟეების” მიერ ამოღებულია 40 ტონა 800 ათას 240 მანეთის ღირებულების ხილი და ბოსტნეული. განადგურებულია 400 ათასი მანეთის ღირებულების ბოსტნეული, ასევე 21 ათას 180 ბოთლი მინერალური წყალი "ბორჯომი", ქართული წარმოების გაზიანი წყალი და ღვინო. ამასთან ერთად, როგორც აშუბამ აღნიშნა, გალის რაიონის გავლით საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან აფხაზეთში მასიურად შედის სასურსათო და სამრეწველო საქონელი, რასაც მარიონეტული რეჟიმი "კონტრაბანდად" განიხილავს.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ოკუპაციის ხაზზე მდ.ენგურის გავლით ვაჭრობით, როგორც წესი, აფხაზეთის მცხოვრებნი არიან დაკავებული, ხოლო საქონლის ტრანსპორტირება ღიად მიმდინარეობს ცენტრალური ენგურის ხიდის გავლით და სხვა ძირითადი გზებით - თანაც ამ ბიზნესში აფხაზი ჩინოვნიკები მონაწილეობენ როგორც პირდაპირ, ასევე კარგად დამკვიდრებული ქრთამებისა და "სახდელების" სისტემის მეშვეობით.

 

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი