აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც ყველაზე კარგად უწყის აფხაზეთში შსს–ს მუშაობის ყველა წვრილმანი, აკრიტიკებს მოქმედ "მინისტრს" ოთარ ხეციას, რომელმაც დანაშაულის შემცირების შესახებ პატაკი ჩააბარა. ანქვაბმა სავსებით სამართლიანად განუცხადა ხეციას, რომ აფხაზეთში მომხდარ დანაშაულთა უმეტესობის რეგისტრაცია არ ხდება და მოუწოდა მას "ბლეფს თავი დაანებოს".
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსახლეობა არ დარჩეს პირისპირ დანაშაულებრივ სამყაროსთან. ჩვენ არ გვჭირდება ლაკირებული ციფრები. ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ დანაშაულებათა რეალური სტატისტიკა. ბლეფი უნდა ჩამოვიშოროთ", – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ხელისუფლებაში ალექსანდრე ანქვაბის მოსვლის შემდეგ დაიწყო საკმაოდ სერიოზული ნადირობა დანაშაულებათა ჩამდენ შსს–ს თანამშრომლებზე. ბოლო პერიოდში დაკავებულ იქნა აფხაზური შსს–ს რამოდენიმე თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.
ადრე არაერთხელ აგვიღნიშნია, რომ დანაშაულთა რაოდენობა, რომელსაც აფხაზური შსს აქვეყნებს, შორსაა იმ რეალური სურათისაგან, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონში. განსაკუთრებით იმატებს დანაშაულთა რიცხვი ზაფხულის საკურორტო სეზონში. რუსი ტურისტები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ აფხაზი მილიციელები ყველა ხერხებით ცდილობენ თავიდან აიცილონ დანაშაულთა რეგისტრაცია.
|