RSS
ინგუში ბოევიკების ყოფილ ლიდერს ი.ევკუროვზე თავდასხმაც წაუყენეს ბრალდებად
09.02.2012 09:30

გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, 8 თებერვალს ინგუში ბოევიკების ყოფილ ლიდერს ალი ტაზიევს, რომელიც მაგასის ფსევდონიმით იყო ცნობილი, ინგუშეთის პრეზიდენტზე იუნუსბეკ ევკუროვზე 2009 წლის ივნისში თავდასხმაშიც დასდეს ბრალი, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრნენ ი.ევკუროვი და მისი ძმა უვაისი, ხოლო პირადი მცველი ადგილზე გარდაიცვალა.

2010 წლის ზაფხულში დაკავებული ალი ტაზიევი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მონაცემებით თითქოს რამდენიმე დანაშაულიც კი გაიხსნა. ა.ტაზიევს იმედს აძლევდნენ, რომ მისი სასჯელი 20 წლამდე პატიმრობით შემოიფარგლებოდა.

დაპატიმრებისას ა.ტაზიევს ბრალად წაუყენეს შეიარაღებული ამბოხების ორგანიზება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და იარაღის უკანონო შენახვა. მოგვიანებით დაუმატეს სახელმწიფო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მკვლელობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაზრანის განყოფილებაზე თავდასხმა და სხვა, რასაც იგი ასრულებდა "იმარატ-კავკაზის" მეთაურის დოკუ უმაროვის დავალებით და რამაც გამორიცხა მისთვის 20 წლამდე სასჯელის განსაზღვრა.

იმავე წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში რუსეთის გენერალური პროკურატურა დაამტკიცებს წაყენებულ ბრალდებას და მასალებს გადასცემს სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოსატანად.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი