საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. როგორც "აფსნიპრესი" იუწყება, ევროპელი დიპლომატი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა.
"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო არა მარტო აფხაზეთს, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს ახვევს თავს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ნეიტრალური პასპორტები ჩვენთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, დელეგაციის წევრებს ჩვენ ვაუწყეთ, რომ ვაპირებთ მივმართოთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რათა მათ აღიარონ ჩვენი საზღვარგარეთის პასპორტები მსოფლიოს ქვეყნებში სამოგზაუროდ, როგორც ეს გაკეთებულია მაგალითად ჩრდილოეთ კვიპროსთან მიმართებაში. დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები ჩრდილოეთ კვიპროსის სახელმწიფოებრიობის აღიარების გარეშე ურტყამენ მათ შიდა პასპორტებში ვიზებს", - განაცხადა ჩირიკბამ.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მიერ აფხაზებისათვის შეთავაზებულ ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც თავისი შინაარსით ჩირიკბასათვის სამოქმედო ინსტრუქციებს უფრო ჰგავდა. ასეთი "დამთხვევები" იშვიათობას როდი წარმოადგენს, რაც თავის მხრივ იმის დადასტურებაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა პროცესი, მათ შორის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან საქართველოს მიერ განხილვისათვის შეთავაზებულ ამა თუ იმ წინადადებებზე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვაც კი, მოსკოვიდან იმართება. ამასთან, კრემლი მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად გააღრმავოს აფხაზებში სიძულვილის გრძნობა ოფიციალური თბილისის ძალისხმევისა და ინიციატივების მიმართ, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირებისკენაა მიმართული.
|