თბილისში რუსეთის მხრიდან რეაგირებას "ნეიტრალური პასპორტების" გაცემაზე ისტერიას უწოდებენ. როგორც აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს კარგად ესმით, რომ მათი კეთილდღეობის გარანტია ერთიან საქართველოში ცხოვრებაა მაშინ როდესაც რუსეთის მიზანს ამ ხალხის ასიმილაცია და სრული შთანთქმა წარმოადგენს.
"ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ძალიან კარგად ესმით, რომ მათი განვითარება და კეთილდღეობის გარანტია არის ერთიან საქართველოში ცხოვრება და ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რუსეთის მთავარი მიზანი არის ამ ხალხის ასიმილაცია, სრული შთანთქმა და მათ არ აქვთ სურვილი, რომ ამ ადამიანების ინტერესი დაიცვას",- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ნეიტრალურ პასპორტებს მოსკოვი სიყალბეს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მითითება გრაფაში "სახელმწიფო კოდი" ხდება, ხოლო პასპორტის გამცემ ორგანოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა მითითებული. შესაბამისად, ამ დოკუმენტებზე საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიკის არარსებობა მხოლოდ ფანდია. რუსეთის საგარეო უწყება ამავე დროს ცდილობს ილაპარაკოს აფხაზებისა და ოსების სახელით და აცხადებს, თითქოს ისინი კატეგორიულად უარზე არიან მიიღონ საქართველოს მიერ შეთავაზებული დოკუმენტები. მოსკოვის ეს განცხადება ახალი არ არის და შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სამოქმედო ინსტრუქცია მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელთათვის.
|