ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, "აფხაზეთი ევროკავშირთან თანასწორი და ცივილური ურთიერთობების მომხრეა". ამის შესახებ ანქვაბმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ფილიპ დიმიტროვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"საერთაშორისო დიპლომატიის ბრწყინვალე იდეებით შეიძლება, დაბრმავდე, თუმცა ისინი აფხაზეთს ნაკლებად შეეფერება. თხოვნაა, ცხოვრებას ნუ გვასწავლით. ჩვენ თანასწორი და ცივილური ურთიერთობების მომხრე ვართ", - განაცხადა ანქვაბმა.
მანვე გამოხატა უკმაყოფილება საერთაშორისო დიპლომატიის ერთნაირი ტონით და ტექსტით.
"დავიღალეთ მსგავსი დიპლომატიური მანერებით. თუ ასე გაგრძელდება, დიალოგს აზრი არ აქვს", - განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ "ევროპელი დიპლომატები აფხაზეთის ისტორიას ცუდად იცნობენ".
"ჩინოვნიკები მოდიან და მიდიან, საზოგადოება კი რჩება. ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობით არ ვვაჭრობთ", - დასძინა მან.
"ექსპერტთა კლუბში" თვლიან, რომ აღნიშნული განცხადებები ანქვაბის მხრიდან საკუთარი ელექტორატის მიმართ იქნა გაჟღერებული. როგორც ცნობილია, 10 მარტს აფხაზეთში უნდა ჩატარდეს მარიონეტული პარლამენტის არჩევნები, და ამ ფონზე ანქვაბს მიეცა კარგი საშუალება კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი "დამოუკიდებლობა".
ამავე დროს აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება არ ესმოდეს ანქვაბს, რომ საერთაშორისო დიპლომატიის ერთნაირი ტონი და ტექსტი განპირობებულია იმით, რომ მთელი საერთაშორისო დიპლომატია და საზოგადოება ერთნაირად აფასებს იმ პროცესებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, და მას ოკუპაციად მიიჩნევს, ხოლო აფხაზ ხალხს – საქართველოს შემადგენელ ნაწილად. ეს ყველაფერი კი დაფიქსირებულია არაერთ რეზოლუციასა და დადგენილებაში.
"აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იძახოს ანქვაბმა "ჰალვა, ჰალვაო", პირში არ გატკბილდების და რუსეთის შემყურე სოფელს ვერ ააშენებს. ხოლო პიარ–რიტორიკა, რომელიც აფხაზურ მასაზეა გათვლილი, საერთაშორისო გეოპოლიტიკას ვერანაირად ვერ შეცვლის", – აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი.
|