RSS
ცხინვალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კრემლმა ანქვაბის ენით გააჟღერა
09.02.2012 13:07

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მიერ დაგეგმილ ინაუგურაციასთან დაკავშირებით კრემლის პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ანქვაბმა გააჟღერა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი (უნდა ვიგულისხმოთ კრემლი) მხარს უჭერს 25 მარტს დაგეგმილ განმეორებით არჩევნებს და წინააღმდეგია ჯიოევას ინაუგურაციისა, რომელმაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასული წლის ნოემბერში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებზე" გაიმარჯვა.

ანქვაბი (კრემლი) თავის პოზიციას ხსნის იმით, რომ "არჩევნებთან" დაკავშირებით ცხინვალში "არასტაბილური ვითარებაა, რომელიც 2004-2005 წლებში აფხაზეთში წინასაარჩევნო მარათონს ძალიან ჰგავს, რომლის დროსაც საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდა ურთიერთდაპირისპირება და ჩვენ სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე დავდექით". ამასთან, იგი ჯიოევას მოუწოდებს, რომ "გამოიჩინოს სახალხო, ასევე პოლიტიკური სიბრძნე და მოქნილობა". ანქვაბი (კრემლი) ასევე თვლის, რომ "მიზანშეწონილი იქნებოდა გადადოს 10 თებერვლისათვის დაგეგმილი ინაუგურაცია და დაუბრუნდეს თავიდანვე მიღებულ გადაწყვეტილებას 25 მარტისათვის დაგეგმილ განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით".

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი