RSS
პრეზიდენტი: საქართველო აფასებს ავღანეთში დაღუპულთა მსხვერპლს
22.02.2012 12:51

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს სამძიმარი გამოუცხადა. კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა თალიბებთან შეტაკების დროს საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ გილმენდის პროვინციაში, სადაც აშშ-ს პასუხისმგებლობის ზონაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში საბრძოლო დავალებას ასრულებდნენ.

"დილით ავღანეთიდან ჩვენი ბიჭების დაღუპვის ძალიან სამწუხარო ამბავი მოვიდა, -განაცხადა, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა. - ეს ჩემთვის არის უმძიმესი დარტყმა - განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ რაღაც ორიოდე დღის წინ მე ვიყავი მათთან ერთად და საკუთარი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სიმამაცით და მონდომებით ასრულებენ ისინი ძალიან სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში მიემგზავრებიან ისე, რომ სრულიად აცნობიერებენ იქ მოსალოდნელ ხიფათს, მაგრამ თავი უჭირავთ ამაყად და ღირსეულად, რამდენადაც იბრძვიან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ - პირველ რიგში, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის.
მათთან შეხვედრაზე მე ვსაუბრობდი, რომ მათ მსხვერპლს ქართველების დღევანდელი თაობა აფასებს, და განსაკუთრებით დააფასებენ მომავალი თაობები, რამდენადაც ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, მრავალჯერ უფრო ძლიერ, ამაყ და წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი დამსახურებაა - ჩვენი მეომრების, იმ ბიჭების, რომლებმაც სისხლი დაღვარეს საქართველოს უკეთესი მომავლისათვის. ყველა იქ მყოფი მებრძოლიდან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, იღებენ გამოცდილებას, რომელიც მომავალში საყრდენი გახდება ჩვენი ქვეყნის ძლიერებისათვის. კიდევ ერთხელ თავს ვხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუთანაგრძნობ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ჰყავდათ, ჰყავთ და ეყოლებათ ასეთი გულადი ბიჭები".

ავღანეთში ქართული კონტინგენტის დანაკარგებმა დღეისათვის 17 ადამიანს მიაღწია. ამ ქვეყანაში, ქართული ძალები წარმოდგენილია ერთი ბატალიონით გილმენდის პროვინციაში, და კიდევ ერთი ასეულით, რომელიც ქაბულში ISAF-ის ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის შემოდგომიდან ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 1600 კაცამდე გაიზრდება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი