ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული რიგით მეექვსე თავდასხმა ვერ აიძულებს მას უარი თქვას აფხაზეთში მის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე – დარწმუნებულია „ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე.
ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, ამჟამინდელი აფხაზი ლიდერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გენერალი კიკნაძე წერდა თავის პუბლიკაციაში „გაუძლებს კი ანქვაბი გამოწვევებს?“, რომ „როგორ მშვიდად და ყველასთვის მისაღებად არ უნდა შეეცადონ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების წარმოჩენას, დროთა განმავლობაში აუცილებლად იჩენს თავს ის წინააღმდეგობები, მათ შორის გადაულახავიც კი, რომლებთანაც შეჯახება აუცილებლად მოუწევს ანქვაბს“.
„ნახევარი წელიც კი არ გასულა ანქვაბის მმართველობიდან და გამოწვევები უკვე საკმარისზე მეტია, – აღნიშნავს „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი. – სამწუხაროა, რომ აფხაზეთში ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან დაწყებული, ურთიერთობების გარკვევა და მოგვარების მცდელობა მხოლოდ იარაღის ენით დამკვიდრდა. იქ კრიმინალური სამყარო, როგორც საზოგადოების ყველაზე გავლენიან ძალად, ჯერ კიდევ არძინბას მმართველობიდან ჩამოყალიბდა. აფხაზეთში არ არსებობს სახელისუფლებო შტო, რომელიც არ იმყოფებოდეს ხსენებული კრიმინალური სამყაროს გავლენის ქვეშ. ანქვაბს, პრემიერ-მინისტრობის და ვიცე-პრეზიდენტობის 7 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია კრიმინალური კლანების წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ამ პერიოდში მასზე განხორციელებული 5 ტერაქტი მოწმობს. ბუნებრივია პრეზიდენტის რანგში ანქვაბმა ეს ბრძოლა უფრო გაამკაცრა და მისთვის ჩვეული ხისტი სახე მისცა“.
ლევან კიკნაძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, „თუ რა მეთოდებით შეეწინააღმდეგა კრემლი ბაღაფშ-ანქვაბის ტანდემს, ან თვით ანქვაბს, როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ბოლოს კი პრეზიდენტად აპირებდა ხელისუფლებაში მოსვლას. აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ანქვაბმა (სხვათა შორის ისევე, როგორც ბაღაფშმა), მიუხედავად დეკლარირებული განცხადებებისა, მაინც ვერ მოიპოვა სათანადო ნდობა კრემლის გავლენიან მესვეურებში. იგი არის და რჩება პრინციპულ და თანმიმდევრულ პოლიტიკოსად, რომელიც ყველაზე საღად აფასებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა აფხაზეთი რუსული კოლონიალური პოლიტიკის გამო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დამოკლეს მახვილი, რომელიც კარგა ხანია კიდია ანქვაბის თავზე, ანქვაბს ვერ დააშინებს“.
|