რუსმა სამხედროებმა მდინარე ენგურის სანაპიროსთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას ორი და ოკუპირებული თაგილონის ამდენივე მკვიდრი ერთდროულად დააკავეს. სოფელ შამგონაში მცხოვრები 25 წლის ბადრი ქირია ამ დრომდე ოკუპირებული გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. გათავისუფლებულია მისი მეზობელი, გოგა ჯონჯუა და ოკუპირებული თაგილონის მკვიდრი ახალგაზრდები.
გოგა ჯონჯუას ოჯახის წევრების განცხადებით, რუსმა სამედროებმა თავად დაუძახეს ახალგაზრდებს, საზღვრის გადაკვეთა და მათთან მისვლა სთხოვეს:
„ფიჩხის შესაგროვებლად წავიდნენ. რუსებს უთქვამთ, გადმოდით ბიჭებო აქეთო. ესენი არ წასულან, მაგრამ გადმოდით, გეხვეწებით გადმოდითო და გადავიდნენ. მაშინ აიყვანეს“, - ამბობს გოგა ჯონჯუას ბებია, ლაურა ღურწკაია.
გოგა ჯონჯუას დედის განცხადებით, მისი შვილი გაათავისუფლეს, რადგან ის არასრულწლოვანი იყო.
რუსმა სამხედროებმა ბადრი ქირია და გოგა ჯონჯუა 23 ივლისს, საღამოს, მდინარე ენგურის სანაპიროზე ფიჩხის შეგროვების, ხოლო ოკუპირებული თაგილონის მკვიდრი ორი ახალგაზრდა თევზაობის დროს დააკავეს. გოგა ჯონჯუა და ორი ახალგაზრდა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
|