RSS
ლევან კიკნაძე: "ავთო იოსელიანი რომ ცოცხალი იყოს, გივი ლომინაძე საკადრის პასუხს მიიღებდა მისგან"
14.09.2009 13:13
იზო რიკაძე
გაზეთი "კვირის პალიტრა"

აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გივი ლომინაძის ინტერვიუს აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის, ამჟამად "ექსპერტთა კლუბი"−ს პრეზიდენტ ლევან კიკნაძის გამოხმაურება მოჰყვა:

- აფხაზეთის ტრაგედიაზე ძალიან ბევრი რამ დაიწერა და მომავალშიც დაიწერება. ძნელია, იმ მემუარებისა თუ საგაზეთო პუბლიკაციების ავტორებს შორის გამოარჩიო ისეთები, რომლებიც ობიექტურად გადმოსცემენ ფაქტებს ან სწორ შეფასებას აძლევენ იმდროინდელ მოვლენებს. ამ მხრივ გამონაკლისს არც ბატონი გივი ლომინაძის პუბლიკაცია "ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ექსკლუზიური დეტალები" წარმოადგენს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, გაზეთ "კვირის პალიტრაში" იბეჭდება.

ხსენებულ პუბლიკაციაში, რასაც გივი ლომინაძე აფხაზეთის უშიშროების შესახებ ამბობს, მტკნარი სიცრუეა და შეუძლებელი იყო, არ მეპასუხა. მალე გამოვაქვეყნებთ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებსაც ბატონი ლომინაძე მიზანმიმართულად უვლის გვერდს.

- რომელ ფაქტებს გულისხმობთ?

- საინტერესოა, რატომ უვლის გვერდს ლომინაძე არჩევნების საკითხს. როგორ მოხდა, რომ უზენაეს საბჭოში ქართველებმა უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, ვინ ხელმძღვანელობდა ქართველების მხრიდან საარჩევნო კამპანიას? თქვას ბატონმა გივიმ ესეც, რატომ არ ამბობს? თქვას, ჩვენგანვე შერჩეულმა და ჩვენივე დახმარებით პარლამენტში შესულმა არაქართველ და არააფხაზ დეპუტატთაგან ზოგიერთმა რატომ გვიღალატა და აფხაზების ბანაკში გადაბარგდა? აგო ამაზე ვინმემ პასუხი? ან რატომ მივეცით საბაბი არძინბას, ზარანდია დაენიშნა პრემიერ-მინისტრად! ამას მართლაც ქართველებმა შეუწყვეს ხელი, მაგრამ გივი ლომინაძე სხვებისკენ იშვერს ხელს და არაფერს ამბობს, თვითონ რატომ გაუჩნდა ამბიცია, რომ მაინცდამაინც აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. რატომ არ დათმო თვითონ, რომ არძინბას არ ესარგებლა ჩვენი შიდა დაპირისპირებით და ზარანდია არ დაენიშნა პრემიერად?

რომ ამბობს, 14 აგვისტოს კიტოვანის შემოსვლა აფხაზეთში მაშინ გავიგე, როცა სოხუმში ტანკები გამოჩნდნენო, თავის მართლებად უნდა ჩავუთვალოთ თუ მართლაც დავიჯეროთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე 100 კილომეტრი ისე გამოიარა შინაგანმა ჯარმა (თუმც ლოკალური, მაგრამ მაინც ბრძოლით), რომ ბატონმა გივიმ არაფერი იცოდა. საინტერესოა, რა საკითხებზე ესაუბრა ბატონ ლომინაძეს სენაკში კიტოვანი, რომლის შესახვედრადაც ის სოხუმიდან სენაკში ომის დაწყების წინადღეს, 13 აგვისტოს სპეციალური შვეულმფრენით ჩაფრინდა.

- ბატონო ლევან, განსაკუთრებით რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება?

- ჩემი გაღიზიანება იმ ტყუილების კასკადმა გამოიწვია, რაც გივი ლომინაძემ აფხაზეთის უშიშროებაზე დაატრიალა პუბლიკაციაში, - თურმე აფხაზები კა-გე-ბეს შენობაში შეგვიყვანია და მზად იყვნენ, კედელი შეენგრიათ ლომინაძის წინააღმდეგობის შემთხვევაში; რომ ავთანდილ იოსელიანი იმ დროს შევარდნაძესთან ერთად დაგომისში იყო და დროც საგანგებოდ შეირჩა; თურმე ბაღაფშიც და ანქვაბიც კა-გე-ბეს შენობაში იყვნენ და მის კაბინეტში შევარდნილი შეიარაღებული აფხაზები ქართველებისგან იყვნენ შეგულიანებული და ა.შ.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: იმ დღეს, როცა გივი ლომინაძე ძალით გამოიყვანეს კაბინეტიდან, ავთანდილ იოსელიანი სოხუმში იყო. დილაადრიან უშიშროების მორიგემ დაურეკა ჯერ ავთო იოსელიანს, შემდეგ მე (ავთო იოსელიანის მოადგილე ვიყავი) და გვაცნობა, რომ შეიარაღებულმა სეპარატისტულმა შინაგანმა ჯარმა ალყა შემოარტყა შსს-სა და კა-გე-ბეს შენობებს.

იქ მისულებს შენობაში უშიშროების თანამშრომლებისა და მორიგე პერსონალის გარდა, სხვა შეიარაღებული პირები არ დაგვხვედრია. არ ყოფილან არც შეიარაღებული აფხაზები და არც ანქვაბი ან ბაღაფში.

თავად შს სამინისტროს თანამშრომლებს ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებიათ და ვფიქრობ, სწორადაც მოიქცნენ. მართალს ამბობს ლომინაძე, ამას დიდი ამბავი მოჰყვებოდა. თანამდებობას და ერთ კაცს არ უნდა გადააყოლო ქვეყანა!

რატომ გამოჰყავს თავი გმირად და უშიშროებას კი ტალახს ასხამს? რატომ გვაბრალებს და რით გამოიხატებოდა ჩვენი გამყიდველობა? ეღონა რამე მაშინ შს სამინისტროს და თუ გვერდით არ დავუდგებოდით, მერე ეთქვა ჩვენზე აუგი.
ასე რომ, თუ შსს-ს პირადი შემადგენლობის ქართული ნაწილი კაბინეტიდან გივი ლომინაძის ძალით გამოყვანას შეეწინააღმდეგებოდა, ბუნებრივია, ჩვენც, ვგულისხმობ უშიშროების ქართველ თანამშრომლებს, გვერდში ამოვუდგებოდით, მაგრამ, როგორც ბატონი გივი თავადვე ბრძანებს, დაცვა მოუხსნია და წინააღმდეგობის გაწევასაც არავინ აპირებდა.

გივი ლომინაძე ამბობს, თავდასხმის შესახებ სამი დღით ადრე ვიცოდიო. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - შს სამინისტროზე თავდასხმა და შენობაში შეჭრა თუ იგეგმებოდა, არ ვიცოდით.

უსუსური არგუმენტია არძინბას ინტერვიუს მოშველიება, თითქოსდა კაბინეტიდან ლომინაძის ძალით გამოყვანა ქართველებთან შეთანხმებით მოხდა. შესაძლებელია ასეც იყო, მაგრამ ასეთ მძიმე ბრალდებას რომ უფრო მყარი მტკიცებულება სჭირდება, მგონი, საკამათო არ უნდა იყოს.

თუ იმას ფიქრობს ბატონი ლომინაძე, რომ საპასუხო აუგს დაგვაცდენინებს აფხაზეთის შსს-ზე, ცდება. ჩვენ არასოდეს გავავლებთ პარალელს გივი ლომინაძესა და შსს-ს იმ ვაჟკაც ბიჭებს შორის, რომლებთანაც ერთად წელიწადზე მეტხანს ვიცავდით სოხუმს.

დასასრულს, ვერ ვხვდები მოტივს, რამ გადააწყვეტინა გივი ლომინაძეს აფხაზეთის იმდროინდელ უშიშროების სამსახურზე დაუმსახურებლად გამოეყენებინა სიტყვა "გამყიდველი". იქნებ ფეხის ხმას აჰყვა და მათ რიგებში ჩადგა, რომლებსაც წარსულის გამართლების ყველაზე იოლ გზად უშიშროების ლანძღვა აურჩევიათ? 90-იანი წლების აფხაზეთის უშიშროების ქართველ თანამშრომლებს არავის წინაშე არა გვაქვს საბოდიშო, - ჩვენ პირნათლად მოვიხადეთ ვალი სამშობლოს წინაშე. საამაყოდ ისიც გვეყოფა, რომ აფხაზეთის უშიშროების ოფიცრებმა სხვებთან ერთად უერთგულეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას და მასთან ერთად დადეს თავი სამსხვერპლოზე. არ ეკადრება გივი ლომინაძეს არც აწ გარდაცვლილ ავთო იოსელიანზე ქვეტექსტებით ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, ავთო იოსელიანი ცოცხალი რომ იყოს, გივი ლომინაძე ამას ვერ გაბედავდა, და თუ გაბედავდა, საკადრის პასუხსაც მიიღებდა მისგან.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
ცხინვალი და მის შემოგარენში მდებარე ქართული სოფლები ჩრდილოკავკასიელებისათვის მიმზიდველი ხდება
31.05.2010 10:06
კოკოითი ბროვცევს კადიროვის მეშვეობით ებრძვის
29.05.2010 15:11
ჩრდილოეთ ოსეთის მართლმადიდებლები არ ნანობენ ევტეევის გადადგომას
29.05.2010 14:38
დაღესტანში გრძელდება მილიციელებზე ნადირობა
29.05.2010 14:06
ბაღაფშს თბილისთან შეჯიბრს სთავაზობენ
29.05.2010 13:22
ჯერ დახოცეს და მერე დაადგინეს რომ ბოევიკები ყოფილან
29.05.2010 12:57
ძალოვნებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ
29.05.2010 12:36
ვლადიკავკაზში საზოგადოებრივი მოძრაობის «საქართველოს სახელით» მორიგი ფილიალი ფუძნდება
29.05.2010 12:16
ყველა სიახლე