RSS
საქართველოს სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში აფხაზებსა და ოსებს თვითგადარჩენის საშუალებას აძლევს
05.02.2010 14:34

ცხინვალისა და სოხუმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის გაცნობის გარეშე მის განხილვაზე კატეგორიულ უარს რომ დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ, არ იქნებოდა სწორი. ასე თვლის "ექსპერტთა კლუბი"-ს წარმომადგენელი გოჩა გვარამია. "აქ ნათლად იკვეთება რუსეთის პოლიტიკა. ვინაიდან კრემლში ხვდებიან, რომ საქართველო მაინც დამოუკიდებელ ქვეყანად იარსებებს, თავისი ქმედებებით ცდილობენ სერიოზული პრობლემები შექმნან, რათა საკუთარი პოლიტიკური კომბინაციებით საქართველოს დამოუკიდებლობა მაქსიმალურად შეზღუდონ, - განაცხადა გვარამიამ გაზეთ "

მესინჯერისათვის

" მიცემულ ინტერვიუში, - უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს გააჩნია საკუთარი ე.წ. "პრეზიდენტები", ისინი მაინც სრულად რუსეთის მიერ კონტროლირდებიან და შესაბამისად კრემლიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე აკეთებენ სხვადასხვა სახის განცხადებებს".

რაც შეეხება უშუალოდ სტრატეგიას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ " ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში თავიდანვე იყო გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ მას აუცილებლად გააცნობდნენ სოხუმსა და ცხინვალს. ამასთან, რა თქმა უნდა არ იყო იმის მოლოდინი, რომ დოკუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცებ დადებითად აღიქვამდნენ. მთავარი არის ის, რომ თუ ამ სტრატეგიას გულმოდგინებით გაეცნობიან, დაინახავენ, რომ მასში ბევრი რამ დადებითია მათთვის, რაც, დემოგრაფიული და ნაციონალური სერიოზული კატასტროფის წინაშე მდგარ აფხაზებსა და ოსებს დაცვისა და განვითარების საშუალებას აძლევს".

"ეს სტრატეგია არ დაწერილა მხოლოდ ქართული მხარისათვის, - ხაზგასმით აღნიშნა გვარამიამ, - ქართული მხარე ამ სტრატეგიაში მხოლოდ ერთი პოზიციიდან ამოდის - იგი არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. ყველაფერი დანარჩენი ორიენტირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეისათვის მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების დონის ამაღლებაზე, მათ რეინტეგრაციაზე საქართველოს სივრცეში და იმ ურთიერთობების აღდგენაზე, რომელიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის კონფლიქტამდე გააჩნდათ. ამ სტრატეგიაში ასევე გათვალისწინებულია პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები დევნილების საერთაშორისოდ აღიარებული ყველა უფლებები, მათ შორის უფლება უძრავ ქონებაზე. ამ სტრატეგიაზე მხოლოდ მთავრობა როდი მუშაობდა. ამ პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციების მქონე ექსპერტები ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული სტრატეგია არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერაც იქნა მოწონებული".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი