RSS
ჩერქეზი ნაციონალისტები საქართველოსთან ომის შეცდომას აცნობიერებენ
31.05.2010 13:28

საქართველოს მთავრობის მიმართ გავრცელდა ადიღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ჩერქეზული კონგრესის" თავმჯდომარის მოადგილის ზაურ ძეუკოჟევის მიმართვა, რომელიც აყენებს საკითხს საქართველოს წინაშე რუსეთის მიერ ჩერქეზების გენოციდის ცნობის შესახებ.

ძეუკოჟევი ამტკიცებს, რომ ქართველი ოფიციალური პირები პირდებოდნენ პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის მიღებას ჩერქეზთა გენოციდის ერთი წლის თავზე – 2010 წლის 21 მაისს, მაგრამ ეს არ მოხდა. ,,რა გახდა მიზეზი – ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ (თუმცა გარკვეული ინფორმაცია გაგვაჩნია). მე მაინც მსურს ვირწმუნო ის, რომ ქართველებს ყოველივე ამისათვის საკმაოდ სერიოზული მიზეზები ჰქონდათ! მით უფრო, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ღვთის წყალობით საქართველო მაინც გადადგამს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩერქეზი ხალხისათვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ხალხებს შორის არავითარ მყარ მეგობრულ ურთიერთობების დამყარებაზე (ჩვენი მეშვეობით კი ჩრდილოკავკასიის სხვა ხალხებთან) საუბარიც კი ზედმეტი იქნება’’,–აღნიშნავს მიმართვის ავტორი.

"ჩვენი პრომოსკოვური ოპონენტები ( ადიღელთა შორის ) უკვე გვსაყვედურობენ იმას, რომ ჩვენ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რომ "ისინი ხომ გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს არ უნდა ვენდოთ’’ და ა.შ. უფრო მეტიც, ავითარებენ რა ამავე აზრს, ცოტა ხნის შემდეგ კონტაქტში შემოდის კრემლი ისეთი "ანალიტიკოსების’’ მეშვეობით როგორებიც ეპიფანცევი და მარკედონოვი არიან. თქვენ ქართველებმა საბოლოო ჯამში უნდა გადაწყვიტოთ: ან საშიში "მეგობრობა" ავტორიტარულ მოსკოვთან, ან მყარი მეგობრული კავშირი კავკასიის ხალხებთან! ’’,–აღნიშნულია მიმართვაში.

ამავე დროს ძეუკოჟევი ხაზს უსვამს, იმას რომ "18 წლის წინ ქართულ–აფხაზური ომის დროს 1992–1993 წწ. ჩვენ ვიყავით ბარიკადების სხვადასხვა მხარეს, გარეშე პროვოკატორთა სასიხარულოდ იღუპებოდნენ კავკასიელები. ამ ომის შედეგად არაფერი მოუგიათ არც ქართველებს და არც ჩერქეზებს, მოგებული დარჩა მხოლოდ რუსეთი!!! მოდით, ერთობლივად გამოვიტანოთ დასკვნები იმ დასანანი მოვლენებიდან, საბოლოოდ დავასამაროთ ის მომაკვდინებელი პოლიტიკა, რომელსაც სახელად "გათიშე და იბატონე ჰქვია", ჩვენ თვითონ ვმართოთ ჩვენი თავი, რათა არ ვიქნეთ სხვისაგან მართულნი! ".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი