აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად მიუერთეს, თუმცა "დამოუკიდებელ რესპუბლიკაში" ჯერ კიდევ დარჩენილი მოსახლეობა ამას ბოლომდე ვერ ხვდება. როდესაც რომელიმე სახელმწიფო სხვა ქვეყნის, ან ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას აწარმოებს, პირველ რიგში კომუნიკაციის - გზების, ხიდების, ტელევიზიის, კავშირგაბმულობის სისტემის ინკორპორირებას ეწევა და მასზე ეფექტურ კონტროლს ამყარებს.
იგივე ხდება აფხაზეთში. რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიდი ხანია სრულად აკონტროლებს საკომუნიკაციო სისტემებს და სერგეი ბაღაფშის მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით მართავს მას. რჩებოდა მხოლოდ სტაციონარული სატელეფონო კავშირი, რომელზეც ტექნიკური პირობების გამო რუსეთს მონოპოლია ბოლო დრომდე არ გააჩნდა. თუმცა ეს "პრობლემაც" უკვე გადაწყვეტილია.
ბოლო დრომდე აფხაზეთში დარეკვა შესაძლებელი იყო საქართველოს საერთაშორისო კოდით: +995 (შემდეგ ქალაქის კოდი). მაგალითად: საზღვარგარეთიდან სოხუმში დასარეკად უნდა აგეკრიფათ +995 122. საქართველოს შიგნით ზარი ჩვეულებრივ, როგორც საქალაქთაშორისო ზარი ისე ხორციელდებოდა: უნდა აგეკრიფა 8-ანი ხოლო შემდეგ სოხუმის ქალაქის კოდი 122, შემდეგ კი აბონენტის ნომერი.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ეს სქემა უკვე არ მუშაობს. დღეისათვის აფხაზეთში დასარეკად მსურველებს მოუწევთ +7940-ის ან +7840-ის აკრეფა. ამგვარად სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. აფხაზეთის რეალობაში ზოგიერთი ალბათ "ქართული სატელეფონო ურდო"-საგან გათავისუფლებას ზეიმობს. საინტერესოა, როდის შეიგნებენ ისინი, რომ რუსეთმა მის მიერვე შთაგონებულ და გამოგონილ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" ოცნებას გულში კიდევ ერთი და ძალზედ დიდი ლურსმანი ჩააჭედა?
|