გვინდა დავაწყნაროთ აფხაზები, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისათვის საკუთრებაზე უფლების აღდგენის შესახებ კრემლში შემუშავებული და "დამოუკიდებელი ქვეყნის" მთავრობაში განსახილველად დირექტივის სახით გამოგზავნილი კონცეფციით ძალზედ შეშფოთებულნი არიან. ის, რომ სოხუმში, განსაკუთრებით ადგილობრივი რეჟიმის უმაღლეს ეშელონებში ნამდვილად აღელვებულები არიან, ამაზე სერგეი შამბას განცხადებაც მეტყველებს, რომელმაც აღნიშნული საკითხის აჟიტირების შეკვეთილი ხასიათის შესახებ "ექსპერტთა კლუბის" მიერ ადრე გაკეთებული შეფასება ფაქტიურად დაადასტურა. ნუ ღელავთ ბატონებო - ქართველი დევნილების დაბრუნება თქვენ არ გემუქრებათ. არ გემუქრებათ არც ამ დროისათვის, თუნდაც რუსეთის ხელშეწყობითაც კი. მაგრამ მოდით ყველაფერი თანმიმდევრობით გავიაროთ.
მოსკოვიდან გამოგზავნილმა "აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეებისათვის საკუთრებაზე უფლების აღდგენის საკითხების რუსულ-აფხაზური ერთობლივი კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფციის" მიერ გამოწვეული აღშფოთება გამოწვეულია იმით, რომ ქართველ დევნილებს, რომლებიც აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შემდეგ რუსეთში აღმოჩნდნენ და რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, ეს დოკუმენტი საკუთრების დაბრუნების ფორმალურ უფლებას აძლევს. ოკუპირებულ აფხაზეთში გამომავალ "ნუჟნაია გაზეტა"-ში შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ვინმე ჯიჯ სეიერ გეჩმა თავის ზიზღით გაჯერებულ სტატიაში გააჟღერა. "დამოუკიდებელი აფხაზეთისათვის" ამ კონცეფციის რეალიზაციით მიღებული შედეგების ანალიზისას იგი აღნიშნავს, რომ "რუსეთის საგარეო უწყების კედლებში შემუშავებული" ხსენებული დოკუმენტი "უეჭველად აფხაზური მხარის უშუალო მონაწილეობითა და თანხმობით" იქნა სააშაკარაოზე გამოტანილი.
ავტორი აღნიშნულ კონცეფციას რატომღაც საქართველოსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის თავდაუსხმელობისა და ცეცხლის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან თანხვედრაში განიხილავს. რა თქმა უნდა, ქართველების მიერ აფხაზეთში საკუთრების დაბრუნების დაშვება შესაძლოა რუსულ პოლიტიკაში თაფლაკვერის ხასიათს ატარებდეს, ხოლო დოკუმენტზე ხელმოწერა – მათრახისას...
ავტორი აგრეთვე სვამს კითხვას – საერთოდ, ქართველებმა ხომ არ შეადგინეს ეს დოკუმენტი და მას "ანტიაფხაზურს" უწოდებს... რთული სათქმელია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მიერ ატიქართული პოლიტიკის გატარების ფონზე, რაში სჭირდება კრემლს "ქართული დოკუმენტის" თავს მოხვევა... მითუმეტეს, რომ რუსეთის სოხუმელ მარიონეტებთან ქართული მხარე, გარდა უშუალოდ მოსკოვთან, რაზეც უკვე ოფიციალურ თბილისს საკუთარი პოზიცია დიდი ხანია დაფიქსირებული აქვს, არავითარი დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს.
ავტორის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ : "... კონცეფციის პირველ პუნქტში წერია: "აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი რუსულ–აფხაზური კომისია იქმნება იმ პირთა ქონებრივი უფლებების აღდგენისაკენ მიმართული საქმიანობის კოორდინაციისათვის, რომელთაც დატოვეს აფხაზეთის რესპუბლიკა ეროვნებათაშორისი კონფლიქტის პერიოდში და არიან რუსეთის მოქალაქეები". აქედან გამომდინარე, საკუთარი უფლებები სრულებით შესაძლებელია რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებმა აღიდგინონ. სწორედ ეს იწვევს შეშფოთებას მათში, ვინც მიითვისა სხვისი ქონება და ე.წ. "ტროფეინი" სახლებში ან ცხოვრობს, ან კიდევ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე აქირავებს.
"დაფიქრდით: რუსეთში, სტატისტიკური მონაცემებით, 500 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი დევნილები წარმოადგენენ. როგორ ფიქრობთ, გამოიყენებენ თუ არა ისინი შექმნილ მდგომარეობას? ვფიქრობ, ისინი არ დაკარგავენ დროს ტყუილუბრალოდ. ვისთვისაა ეს მომგებიანი?", – წერს ავტორი და თვითონვე ასკვნის: "დოკუმენტისათვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რათა მიხვდეთ, რომ იგი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიაფხაზურია".
ამ დასკვნაში ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ბატონ გეჩს – დოკუმენტი მართლაც არის ანტიაფხაზური. უფრო მეტიც, ანტიაფხაზურს წარმოადგენს რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით 1993 წლიდან მოყოლებული მიღებული ყველა დოკუმენტი. ჩვენ გვაკვირვებს მათი წინდაუხედაობა, რომლებიც აქამდე ყველაფერს ამას ვერ ამჩნევენ.
ბატონო გეჩ, განა ანტიაფხაზური არ არის თქვენი ე.წ. კონსტიტუცია? ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ეთნიკური ნიშნით ზღუდავს თავისი მოსახლეობის უფლებებს, არის ანტიხალხური. თქვენ არც ერთხელ არ გიხსენებიათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფონზე აფხაზები თავს შეუზღუდავად და დაუსჯელად გრძნობენ, რის გამოც თავისუფლად ანგრევენ აფხაზეთს, ხოლო სხვა ეთნიკურ ჯგუფებს არანაირი უფლებები არ აქვთ, აფხაზური დომინანტის წაქეზება რეგრესისკენ მიმავალ გზას წარმოადგენს. განა ეს არ არის ანტიაფხაზური დოკუმენტი?
განა ანტიაფხაზური არ არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ტერიტორიაზე რამოდენიმე ათასი კბილებამდე შეიარაღებული რუსი ოკუპანტის განთავსებას? თუ თქვენ იმის იმედი გაქვთ, რომ ისინი თქვენ დაგიცავენ, და არა საკუთარ ინტერესებს? განა უკვე არ გამოყარეს აფხაზები გალის რაიონიდან, რათა ამ ქართულ რეგიონში დამყარებულ რუსულ ხელისუფლებას "ფეხებში არ ებლანდებოდნენ"? კიდევ რა გჭირდებათ რომ დარწმუნდეთ ამ დოკუმენტის ანტიაფხაზურ ხასიათში?
თქვენ თვლით, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი ეკონომიკური დოკუმენტები მიმართულია აფხაზი ხალხის კეთილდღეობისკენ? არც მასეა საქმე... "როსნეფტის" სკანდალური მაგალითი ხომ სახეზეა. ყველა ეს დოკუმენტი არა თქვენ, რომლებმაც დამოუკიდებლობის იდეა რუსეთის პასპორტზე და რუსულ პენსიაზე გაცვალეთ, არამედ რუსეთის წიაღიდან არასაჭირო ამბიციებსა და პრეტენზიებს მოკლებული "რუსულენოვანი" რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ათვისებისათვის ეკონომიკური საფუძვლების შექმნას ემსახურება. კარგია, როდესაც რუსეთი თქვენ მუქთა ფულს გიგზავნით - ეს ხომ თქვენთვის სასიამოვნო და ცხოვრების ჩვეული წესია. მაგრამ როგორც კი დაიწყებთ ეკონომიკის გაფართოებას რუსი სპეციალისტების ხარჯზე, რადგანაც საკუთარი არ გყავთ, არ გყავდათ და არც გეყოლებათ, თქვენ მაშინვე გაიგებთ, რა მალე შეიცვლება დემოგრაფიული ბალანსი, რომელზეც ასე ზრუნავთ. საინტერესოა რამდენ ხანს შეინარჩუნებთ "მუდმივი დირექტორის" სტატუსს? თუ გგონიათ, რომ ქართველების მსგავსად რუსები ისევე მომთმენნი და კეთილსულიერნი იქნებიან თქვენს მიმართ?
ეხლა, რაც შეეხება თვით კონცეფციას – "ექსპერტთა კლუბს" არაერთხელ დაუწერია იმის შესახებ, რომ რუსეთის ოკუპაციის უახლოეს გეგმებში შედის რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქონების შესაძენად შესაბამისი საკანონმდებლო პირობების შექმნა. ამისათვის კი ყველაფერი გამოდგება – ახალაშენებულ სახლებში ბინების შეძენის უფლება, აგრეთვე თქვენს მიერ გაძარცვული ადამიანების მიერ საკუთარი ქონებრივი უფლებების დაბრუნებაც. ქონებრივი უფლებები არ ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე - ამ პრინციპის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების მიმართაც. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთში საბჭოთა კავშირის დროს ბევრი დაწესებულება მოსკოვის უწყებების პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო, შესაბამისად უფლებებიც შესაძლოა მათთან გადავიდეს. მაგალითად – მოსკოვის სამხედრო ოლქის, ჰაერსაწინააღმდეგო ჯარების სანატორიუმები და სხვა.
რაც შეეხება თქვენს შიშებს, რომ ქონება შესაძლოა ქართველებმა დაიბრუნონ – ღმერთმა ქნას სწორედ ასე მოხდეს, ვინაიდან, სწორედ ამაშია თქვენი შველა. თუმცა ვეჭვობთ, რომ ასეთ რამეზე მოსკოვში არ უფიქრიათ. იმისათვის ხომ არ წაუქეზებიათ და განუხორციელებიათ ეთნიკური წმენდა როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, რომ შემდეგ თვითონვე დაებრუნებიათ ქართველები. სწორედ ამ მოქმედებებიდან უნდა გამოვიდეთ ჩვენს ანალიზში. მაშინ ლოგიკური ჯაჭვი მიგვიყვანს იქამდე, რომ რუსეთი უბრალოდ ერიდება აღნიშნულ კონცეფციაში სიტყვა "რუსის" ხმარებას – მაშინ ხომ ყველაფერი დადგება თავის ადგილას და მსოფლიო საზოგადოების წინაშე რუსეთი ქსენოფობიაში საკუთარი თავის თვითლუსტრირებას მოახდენს. მას კი ეს სრულიად არ სჭირდება. დიახ, დოკუმენტი შესაძლოა ითვალისწინებდეს აფხაზეთის ყოფილი მაცხოვრებლებისთვის (მათ შორის დევნილთათვის) ქონებრივი უფლებების აღდგენას, თუმცა ის რეალურად მხოლოდ რუსებზე გავრცელდება.
გაგვაღიმა თქვენმა ოპოზიციური სპექტრისადმი განაცხადით მიმართვამ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს აფხაზების უმცირესობად გადაქცევას. გაგვეღიმა იმიტომ, რომ აფხაზები არც არასოდეს ყოფილან უმრავლესობაში. მოსახლეობის აღწერის ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები სტატისტიკური მონაცემებით ჟანგლირების საშუალებას იძლევა, მაგრამ რეალობას არ ცვლიან. თქვენ ხომ ჩვენზე არანაკლებად უწყით, რომ აფხაზთა დიდი ნაწილი გასულია აფხაზეთიდან ლუკმა პურის საშოვარზე და არ ჩქარობენ უკან დაბრუნებას. უფრო მეტიც, ისინი მშვენივრად მკვიდრდებიან რუსეთში მაშინ, როცა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა იზრდება სომხებისა და რუსების ხარჯზე. ბატონო გეჩ, თქვენ ეს არ გაღელვებთ? ბოლოს და ბოლოს, რა წარმოადგენს თქვენი ზრუნვის საგანს – სახელმწიფოს აშენება, თუ დემოგრაფიული ბალანსის შენარჩუნება, მით უმეტეს, რომ აფხაზები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო მიზნის მისაღწევად სხვა ეროვნებები კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყვნენ... იქნებ ღირს იფიქროთ აფხაზი ერის, ტრადიციების, კულტურის, ენის გადარჩენაზე? მაშინ რუსეთთან არაფერი გესაქმებათ...
სამწუხაროდ, აფხაზეთის საზოგადოების დღევანდელ პრობლემას არა თბილისის, ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვათა მხრიდან შესაძლო ფსევდო–საშიშროება წარმოადგენს, არამედ ის, რომ ამ საზოგადოებას ვერ გაურკვევია, რა სურს. აფხაზები ებრძვიან ქარის წისქვილებს, მაშინ, როდესაც მათ ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფს. რუსეთი საკმაოდ წარმატებით ათამაშებს ოკუპირებული ტერიტორიების ბანქოს, ყიდის და ყიდულობს მათ, ამავე დროს კი აფხაზები მისთვის არ არსებობენ.
"აფხაზეთის თითქმის ყველა არქიტექტურული ძეგლი: პრინც ოლდენბურგის სასახლე, ციხე–სიმაგრე აბაათა და სხვა აღმოჩნდა რუსი ინვესტორების ხელში",– წერს Newsweek სტატიაში "ჯაშუშების რესპუბლიკა" და აღნიშნავს: "ზღვის სანაპიროზე გაჩნდა კომფორტაბელური ბიჭვინთაში არსებული სასტუმრო "დელფინის" ტიპის საცხოვრებელი სახლები. "როსნეფტმა" დაიწყო გეოლოგიური დაზვერვა ზღვის სანაპიროზე. ლუჟკოვმა დაიკავა მიწის ნაკვეთი 70 მილიონი დოლარის ღირებულების საკურორტო კომპლექსის მშენებლობისათვის, აშენებს სოხუმში გიგანტურ საოფისე შენობას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნეს სახელმწიფო აგარაკები...".
კარგია, რომ ამ ფონზე აფხაზეთში ჯანმრთელი მოსაზრებებიც გაისმის ხოლმე: "ჩვენ დავღვარეთ სისხლი ჩვენი თავისუფლებისთვის. ფსბ–ს მესაზღვრეებს უნდა ახსოვდეთ ეს, როდესაც ჩვენ გვეპყრობიან როგორც საკუთარ კოლონიას", – განუცხადა Newsweek–ს აფხაზეთის სასაზღვრო სასახურის მეთაურმა პოლკოვნიკმა ლავრიკ მიქვაბიამ.
იფიქრეთ ამაზე, ბატონო ჯიჯ! თუ, თქვენ, მომავალშიც კოლონიაში ცხოვრება გსურთ?!
|