RSS
ჩვენი ჩრდილოკავკასიელი მეზობლები: ყარაჩაი-ჩერქეზეთი
25.08.2010 14:25
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი"

დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორია ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ალანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. მომდევნო ასწლეულებში ჩერქეზეთმა დაიწყო თავისი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, რამაც თავისი სიძლიერის მწვერვალს XII-XIV საუკუნეებში მიაღწია. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით მისი ტერიტორია ვრცელდებოდა შავი ზღვის სანაპიროდან ინგუშეთამდე.

ჩერქეზეთის ევოლუციური განვითარება 1475 წელს შეწყვიტა ოსმალეთის ჯარების შემოჭრამ, მათ ოკუპაცია გაუკეთეს შავი და აზოვის ზღვისპირეთის უმდიდრეს ჩერქეზულ ქალაქებს _ მატრებას, ანაპას, ტამანს, და სხვა, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ითვლებოდნენ მსოფლიოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, კონფესიურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრებად.

შემდეგ დაიწყო ოსმალეთის და რუსეთის ხანგრძლივი 400 წლიანი ქიშპობა, რამაც ჩერქეზეთი გახადა მათი სისხლიანი დაპირისპირების ეპიცენტრად. ჩერქეზი ხალხის ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ ხელმძღვანელობდნენ ჩერქეზი თავადების სახელოვანი დინასტიის _ ინალების მემკვიდრეები. ჩერქეზეთზე რუსეთის შეტევის პირველი პლაცდარმი გახდა 1567 წელს მეფე ივანე მრისხანეს მიერ აშენებული ციხე-სიმაგრე თერგი. შემდგომში მას მოჰყვა მოზდოკი და სასაზღვრო სიმაგრეთა მთელი სისტემა, რომელიც მუდმივად მიიწევდა სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.

ხდებოდა ნაყოფიერი ჩერქეზული მიწების ანექსია. რუსეთი განდევნილი და განადგურებული ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე რუსულენოვან მოსახლეობას, ძირითადად კაზაკებს და მათ ოჯახებს ასახლებდა, რომლებიც გასამხედროებულ დასახლებებს _ სტანიცებს ქმნიდნენ. ისინი მეურნეობასაც ეწეოდნენ და ადგილზე სამხერო ძალის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდნენ.

რუსეთ-კავკასიის ომის დროს (1817-1864) ადიღური (ჩერქეზული) მოსახლეობა ათჯერ შემცირდა. ყაბარდოში მცხოვრები 350 ათასი ჩერქეზიდან ე.წ. დროებით სასამართლოებს ცოცხალი 35 ათასი გადაურჩა და მათაც თურქეთში ან მიუვალ მთებში ერეკებოდნენ. თანამედროვე ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე 1830 წელს 70 ათასი ოჯახური გაერთიანებიდან გენოციდს გადაურცა მხოლოდ 800, რომელთაგან ისტორიულ სამშობლოში დატოვეს მხოლოდ 200, დანარჩენი 600 ოჯახი ბადრაგის ქვეშ თურქეთში გადაასახლეს. თურქეთისკენ ერეკებოდნენ დანარჩენ მაჰმადიან კავკასიელებსაც, რომელთა დიდი ნაწილი გზაში იღუპებოდა შიმშილით, სიცივით და ავადმყოფობებით. ვერც თურქეთის პირობებს შეეჩვია მოჰაჯირთა პირველი თაობები.

ცნობილი რუსი მწერალი ნემიროვიჩ-დანჩენკო თურქეთში გადახვეწილ ჩრდილოკავკასიელთა ტრაგიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წერდა: «Жить вдали от родины казалось горцам хуже самой смерти. Когда, во время последующих выселений, горцы сходились к устьям рек, то в их нестройных, обезумевших от горя, молчаливых толпах почти вовсе не было женщин и детей. Оказалось, что во время этого истребительно-поступательного шествия русских войск развернутым фронтом они вымерли от лишений и суровых зим, проведенных под метелями в лесу и на голых скалах. Умирали от голода, замерзали, сходили с ума толпами. Находили сотни совершенно одичавших людей. Граф Евдокимов сказал раз генералу Фадееву: "Я писал начальнику отдела, для чего он в каждом донесении упоминает о замерзших телах, покрывающих дороги. Разве Великий князь и я этого не знаем?»

ბევრი ჩერქეზი აიძულეს დაეტოვებინა თავისი ისტორიული სამშობლო, მაგრამ კავკასიური ტრადიციების სიყვარული და მამაპაპისეულ მიწაზე დაბრუნების სურვილი ვერ დააკარგინეს.

აღმოსავლეთის ქვეყნებში გაბნეულ ჩრდილოკავკასიური სხვადასხვა ერის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს ყველას ჩერქეზებს ეძახიან, მაგრამ არავის არასდროს გასჩენია სურვილი გაეპროტესტებიან ასეთი ტიტული, უფრო მეტიც, ყველა სიამაყით იფერებს მას.

დღეისთვის კავკასიაში 700 ათასამდე ჩერქეზული (ადიღური) წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი რაოდენობა არაზუსტი მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთად აღებული 3 მილიონსაც კი აჭარბებს. თურქეთმა, სირიამ, იორდანიამ და სხვა ქვეყნებმა შეისისხლხორცეს ჩერქეზები, ყველა პირობა შექმნეს მათი ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისთვის. თავის მხრივ ჩერქეზებმა მრავალი სახელოვანი სახელი ჩაწერეს ამ ქვეყნების ისტორიაში.

ადიღელების, ყაბარდოელების, ჩერქეზების და აბაზინების სახელით წარმოდგენილი ეს ერთი ენის, კულტურისა და ტრადიციების ხალხი ადიღეში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და კრასნოდარის მხარეში არიან განსახლებული და გაერთიანების ყველა მათი მცდელობა დღემდე უშედეგო აღმოჩნდა.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობამ 2005 წლის აღწერით შეადგინა 435 ათასი სული, რომელთაგან 170 ათასი არიან ყარაჩაელები, 150 ათასი რუსი, 50 ათასი ჩერქეზი, 33 ათასი აბაზინი, 15 ათასი ნოღაელი. რესპუბლიკაში ასევე ცხოვრობენ ოსები, უკრაინელები, სომხები, ჩეჩნები, ბერძნები და აზერბაიჯანელები.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ჩერქესკი, რომელიც მდინარე ყუბანის ნაპირზე მდებარეობს, დაარსებულია 1804 წელს კაზაკების მიერ სტანიცა ბატალპაშინსკის სახელწოდებით განდევნილი ადიღელების ისტორიულ მიწაზე.

1790 წელს რუსეთის არმიამ გენერალ გერმანის მეთაურობით დაამარცხა ოსმალეთის არმია, რომელსაც ბათალ ფაშა ხელმძღვანელობდა და იმ ადგილას დაარსებულ სტანიცას ბატალფაშინსკი უწოდეს. ეს არის უნიკალური შემთხვევა ისტორიაში, როდესაც გამარჯვებულები დამარცხებულის სახელს არქმევენ დასახლებულ პუნქტს. 1934 წელს რუსეთის კომისართა საბჭოს თავმჯდომარის საპატივცემულოდ ბატალფაშინსკი ჯერ ქ.სელიმოვად იწოდებოდა, ხოლო მისი დახვრეტის შემდეგ, შინაგან საქმეთა მისნისტრის ეჟოვის სახელი მიაკუთვნეს და ეჟოვო-ჩერქესკი დაარქვეს. ეჟოვის ხალხის მტრად გამოცხადების შემდეგ, მას ეს დანამატიც ჩამოაშორეს და დღემდე ჩერქესკად იწოდება.

ბევრი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და ექსპერტი დღეისთვის კავკასიაში არსებულ მრავალ პრობლემებს შორის პირველ ადგილზე ჩერქეზულ საკითხს აყენებს და მიაჩნიათ, რომ მისი სამართლიანი მოგვარების შემდეგ ყველა დანარჩენის გადაწყვეტა გაადვილდება.

საერთაშორისო ჩერქეზულმა ორგანიზაციებმა მწვავედ დააყენეს საკითხი ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ, რასაც რუსეთის მესვეურები სასტიკად ეწინააღმდეგებიან. ხდება ამ დანაშაულის გადაბრალება ცუდ რუს მეფეებზე, მეფისნაცვლებსა და გენერლებზე. ცხვება ცინიკური თეორიები, რომ ჩერქეზები, ისე როგორც დანარჩენი კავკასიელები ცეცხლითა და მახვილით კი არ გაუძევებიათ, საკუთარი სურვილით აიყარნენ და წავიდნენ თავის ერთმორწმუნე ხალხებთან შესაერთებლად. გაძევებულები ახალ საცხოვრებელ ადგილებში კარგად მოეწყვნენ და მათი დაბრუნება დისკომფორტს შეუქმნის მათ ნასახლარებზე ჩასახლებულ მოსახლეობას, შექმნის ახალ დაპირისპირებას და რაც მთავარია დაბრუნებულებს თავისი მენტალიტეტიდან გამომდინარე და განსაკუთრებით მუსულმანური აღმსარებლობის გამო გაუჭირდებათ ადაპტაცია ქრისტიანულ სივრცეში.

რუსეთის მესვეურები და მათი ადგილობრივი დამქაშები ცდილობენ ჩაკლან ეროვნულ და რელიგიურ გამოვლენებთან დაკავშირებული ყველა პროტესტი, ხდება ამ იდეის მატარებელი ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაცია ან კომპრომეტაცია.

ჩერქეზი ხალხის მოთხოვნას მათი ერთ ტერიტორიულ სივრცეში გაერთიანების და ცალკე ავტონომიის შექმნის შესახებ, ხელისუფლებამ ახალი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დაარსებით უპასუხა, რის შედეგადაც ყაბარდოელები და ჩერქეზები ახალ ოლქში შეიყვანეს, მათი მოძმე ადიღელები კი კრასნოდარის მხარეში (სამხრეთ ფედერალურ ოლქში) ჩაკეტეს.

მწარე ღიმილს იწვევს ჩერქეზებში ე.წ. არჩევნების დისკრიმინაციული ფორმა. რესპუბლიკების პირველი პირების კანდიდატურებს არჩევს რუსეთის მმართველი პარტია «Единая Россия», წარუდგენს მათ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც მის მიერ მოწონებულ კანდიდატს «დასამტკიცებლად» უგზავნის ადგილობრივ პარლამენტს. ამ გზით «არჩეული» ხელმძღვანელები შემდეგ ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გაამართლონ კრემლის ნდობა და შეასრულონ ყველა მათი დავალება.

ხლოპონინებს, შვეცოვებს, კანოკოვებს და ძმათა მათთა უვკვირთ, როცა ასეთ დამამცირებელ და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანები იარაღს კიდებენ ხელს და მასიურად გადიან ტყეში. მათთან ბრძოლის მეთოდი სტანდარტული და ტრადიციულია: რეპრესიების გამკაცრება, უნდობლობის გამოცხადება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და მათ დასაშოშმინებლად სანდო რუსულენოვანი სამხედროების და მათი ოჯახების მორიგი ნაკადების შემოყვანა და ჩასახლება.

ასე იყო 200 წლის მანძილზე, იგივე გრძელდება დღეს.

ყარაჩაელები. ყარაჩაელები ჩრდილოეთ კავკასიის უძველესი ავტოქტონი ეთნოსია. მათ ჩამოყალიბებაში, რომელიც XIII საუკუნეში დამთავრდა, მონაწილეობა მიიღეს ყივჩაღებმა, ბულგარებმა, ალანებმა და ადგილობრივმა მთიელთა ტომებმა.

ავტორიტეტული ისტორიკოსების აზრით, ყარაჩაელების დღევანდელ ტერიტორიაზე მდებარეობდა ალანიის სახელმწიფოს დედაქალაქი მაასი, რომელიც მონღოლებმა იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღგავეს პირისაგან მიწისა.

მიუხედავად იმისა, რომ ყარაჩაელებმა ოფიციალურად გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი კავკასიის ომში, 1828 წელს რუსეთის არმიამ დაიპყრო მათი განსახლების მთელი ტერიტორია, რის შემდეგაც მალე იგი რუსეთის იმპერიამ მიიერთა.

ყარაჩაელები ბალყარელებთან ერთად წარმოადგენენ ერთ თურქულენოვან ხალხს, რომლებიც ადმინისტრაციულად გადანაწილებული არიან ჩრდილოეთ კავკასიის ორ რესპუბლიკაში _ ყარაჩაი-ჩერქეზეთში და ყაბარდო-ბალყარეთში. 2008 წლის აღწერით ყარაჩაი-ჩერქეზეთში 170 ათასი ყარაჩაელი ცხოვრობს, რაც მთელი მოსახლეობის (240 ათასი) 39%-ს შეადგენს.

ყარაჩაის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ყარაჩაევსკი. იგი დაარსებულია 1926 წელს სოფელ გეორგევსკის სახელწოდებით, შემდგომში სახელი შეუცვალეს და მიქოიან-შახარი დაარქვეს ანასტას მიქოიანის საპატივცემულოდ და ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. 1944 წელს ყარაჩაელების ყაზახეთში გადასახლებასთან დაკავშირებით მიქოიან-შახარს კვლავ გადაარქვეს სახელი და ქლუხორის სახელწოდებით საქართველოს შეუერთეს. ყარაჩაელების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქლუხორს ყარაჩაევსკი უწოდეს და ყარაჩაის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრად გამოაცხადეს.

1944 წელს გერმანიის ფაშისტურ არმიასთან თანამშრომლობის საბაბით ყარაჩაელების მთელი მოსახლეობა ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ სხვა ხალხებთან ერთად ყაზახეთში გაასახლეს, სადაც 1957 წლამდე იმყოფებოდნენ.

ყარაჩაელების გამუსულმანება დაიწყო XVI საუკუნეში, თუმცა XIX საუკუნის დასაწყისისთვის მათი სარწმუნოება ქრისტიანობის, ისლამისა და ქრისტიანობამდელი ტრადიციების სინთეზს წარმოადგენდა. დღეისთვის ყარაჩაელების დიდი უმრავლესობა სუნიტი მუსულმანია.

მიუვალ მთებში დიდი ხნით იზოლირებულად ცხოვრებამ ხელი შეუწყო ყარაჩაელების უნიკალური ხასიათის ჩამოყალიბებას. ისინი დამოუკიდებლები არიან თავის ქცევაში, მათი ცხოვრების ყველა ასპექტს არეგულირებს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევები და ტრადიციები. უფროსებისადმი უსიტყვო მორჩილების შეუსრულებლობამ ან მშობლების და ქალის შეურაცყოფამ შეიძლება ტრადიციის დამრღვევის ფატალური დასასრული გამოიწვიოს. ყარაჩაელები გამოირჩევიან მიცემული სიტყვის ბოლომდე შენახვით. მათ ისტორიულად საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდათ საქართველოსთან და განსაკუთრებით მის მთიან კუთხეებთან _ სვანეთთან, რაჭასთან და აფხაზეთთან.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება