როგორც სეპარატისტული აფხაზეთის ყოველკვირეული გაზეთი „ნუჟნაია“ იუწყება, ვეტერან მეომართა ორგანიზაცია „არუაა“-მ სოხუმის ხელისუფლებას რუსეთში მცხოვრები საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანისა და „სხვა სამხედრო დამნაშავეების“ აფხაზეთისათვის ექსტრადირება მოითხოვა. 1992-93 წლების ომის ვეტერანებს სერგეი ბაღაფშისათვის შესაბამისი წერილითაც მიუმართავთ.
მაინც რა ბრალდებებს უყენებენ თენგიზ კიტოვანს აფხაზი ვეტერანები? როგორც ირკევევა, "მონაწილეობას აფხაზი ხალხის გენოციდში, აფხაზეთის კულტურის ძეგლების განადგურებასა და მკვლელობებში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არაადამიანურ მოქცევაში, ძალადობასა და ძარცვაში".
აფხაზი სეპარატისტების ემოციები გასაგებია: ახლოვდება 1992-93 წლების ომის (აფხაზური გაგებით - „სამამულო ომის“) მორიგი წლისთავი და შესაბამისად, მეომრებს ბრძოლის საშინელებანი ახსენდებათ, რაც, სხვათაშორის, ფრონტის ორივე მხარეს მდგარი მებრძოლებისათვის ერთნაირად სამწუხარო იყო.
ექსტრადირება (ექსტრადიცია) ანუ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორესადმი პიროვნების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიზნით მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. დღე არ გავა, რომ რომელიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის ან უკვე გასამართლებულის ექსტრადირება არ მოხდეს: გნებავთ სულ ცხელ-ცხელი ფაქტი ავიღოთ - მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრშია ტაილანდის მიერ „იარაღის ბარონის“, რუსეთის მოქალაქის ვიქტორ ბუტის აშშ-სადმი გადაცემის საკითხი...
ცხადია, „არუაას“ ემოციური მოთხოვნა ზემოაღნიშნულ ფაქტს თავისი რეიტინგით ვერ შეწვდება, მაგრამ ადგილობრივი მასშტაბით მეტ-ნაკლები რეზონანსი ასე თუ ისე მაინც გამოიწვია.
ჩვენ კი მოდით, ემოციები გვერდზე გადავდოთ და სამართლებრივად გავაანალიზოთ, რამდენად რეალური და პრაქტიკულად განხორციელებადია „არუაას“ მოთხოვნა.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ექსტრადირებისათვის აუცილებელი პირობებია:
ა) გადამცემ და მიმღებ სახელმწიფოს შორის ამ სფეროში სამართლებრივი ბაზის, ანუ ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა;
ბ) ამ თუ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობაში ექსტრადირების ნებადამრთავი სამართლებრივი აქტის არსებობა (კონსტიტუციური დებულება, კანონი და ა.შ);
გ) საექსტრადიციო პიროვნების წინააღმდეგ მიმართული ბრალდება მოტივირებული და განმტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებით, წარდგენილი უნდა იყოს მისი მამხილებელი ფაქტები და მტკიცებულებები დოკუმენტურად;
პიროვნების ექსტრადირება შეუძლებელია, თუ ეროვნული კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ ამგვარ ქმედებას კრძალავს. გარდა ამისა, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, რომ პიროვნების ექსტრადირება არ დაიშვება იმ სახელმწიფოსათვის, სადაც მას შესაძლებელია სიკვდილი ან წამება ელოდება.
ახლა ეს თეორიული პოსტულატები პრაქტიკულ სიბრტყეზე გადავიტანოთ:
ა) რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის 2008 წლის 1 ოქტომბერს ხელმოწერილია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ გენერალურ პროკურატურებს შორის, რომელიც, როგორც ჩანს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების დაკავებასა და მათ ექსტრადირებასაც გულისხმობს: ამის პრეცედენტი პირველად შარშან განხორციელდა, როცა რუსეთის სამართალდამცავებმა დააკავეს და აფხაზეთს გადასცეს გულრიფშის რაიონში მკვლელობის ჩამდენი, აფხაზეთის მოქალაქე ვინმე ნერსესიანი. გარდა ამისა, სოხუმის ხელისუფლება ოფიციალურად მოითხოვს კიდევ 15 პიროვნების გადაცემას.
ბ) რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის მოქალაქეების უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა აკრძალულია;
გ) ჩვენი მონაცემებით, აფხაზეთის ხელისუფლებას თენგიზ კიტოვანის მიმართ სისიხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს და არც რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ უწარმოებია, ანუ შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ბრალის ოფიციალურად წაყენება არ მომხდარა.
არის თუ არა თენგიზ კიტოვანი რუსეთის მოქალაქე? სხვადასხვა მონაცემების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს რუსეთის მოქალაქეობა არ მიუღია, იგი კვლავ საქართველოს ქვეშევრდომად რჩება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კიტოვანს რუსეთის კონსტიტუცია არ იცავს, მასზე მაინც არ იმოქმედებს ზემოხსენებული ორმხრივი შეთანხმების ძალა, რადგან იგი „აფხაზეთის მოქალაქე“ არაა.
გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თენგიზ კიტოვანი ხომ ძებნილი არ არის, იგი საკმაოდ დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს და რაიმე დანაშაულში რომ ყოფილიყო ეჭვმიტანილი, განა მას დღემდე არ დააკავებდნენ? ვის-ვის და ყოფილ მინისტრს მოსკოვში საკმაოდ გავლენიანი მფარველები ჰყავს და ვფიქრობთ, ვიღაც „არუელების“ პოლიტიკური კონიუნქტურით განპირობებული მოთხოვნით მას ნამდვილად არ დააპატიმრებენ. ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ შესაბამისი თხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართოს.
რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში თენგიზ კიტოვანმა საკუთარ თავს თვითონ უნდა მოუაროს, ჩვენ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ აფხაზი ვეტერანების მოთხოვნა განუხორციელებელია.
ასე რომ, „არუელების“ გასაგონად შეიძლება ლაკონური დასკვნა გავაკეთოთ: „ექსტრადიცია არ შეიძლება, დაივიწყეთ!“. ეს დასკვნა ეხება არა მხოლოდ თენგიზ კიტოვანს, არამედ აფხაზ ვეტერანთა წერილში მოხსენიებულ „სხვა სამხედრო დამნაშავეებსაც“.
ჩვენ შორსა ვართ იმის მტკიცებისაგან, რომ თენგიზ კიტოვანი უცოდველია, მაგრამ ერთი რამ „არუელებმა“ უნდა გაითვალისწინონ: ქართველებს რომ ბრალს უყენებენ, დამნაშავეები პირველ რიგში თავიანთ რიგებში მოიკითხონ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დიდი ხანია აღიარებულია აფხაზთა მიერ ჩადენილი ქართველთა ეთნოწმენდა, ქართველთა განდევნა მშობლიური ადგილებიდან, რომელშიც ბრალი აფხაზ ვეტერანებსაც მიუძღვით. თუმცა შორს ნუ წავალთ, ლიდერებიდან დავიწყოთ: განა სოხუმელი სეპარატისტების მაშინდელი ლიდერი დანაშაულებრივ ბრძანებებს არ გასცემდა? განა აფხაზეთის ერზაც-სახელმწიფოს დღევანდელი ლიდერი - „პრემიერ-მინისტრი“ - ფრთიანი ანგელოზია? სერგეი შამბა ხომ პირადად მონაწილეობდა კონფლიქტში, ანუ მასაც მიუძღვის ბრალი აფხაზეთის ქართული მოსახლეობის უბედურებაში, ანუ იგივე „არუელების“ ფრაზებით თუ ვისარგებლებთ, "ქართველი ხალხის ეთნოწმედაში, ქართული კულტურის ძეგლების განადგურებასა და მკვლელობებში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არაადამიანურ მოქცევაში, ძალადობასა და ძარცვაში".
აფხაზი ვეტერანები იმის ნაცვლად, რომ ომით მიერ მიყენებული ჭრილობების მოშუშებაზე იზრუნონ, კვლავ გამოდიან ახალი დაპირისპირების ინიციატორებად.
გაზეთ „ნუჟნაიას“ პუბლიკაცია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოახლოებული მორიგი წლისთავის ერთგვარ გამოხმაურებად უნდა მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, ეს თემა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც ერთობ მტკივნეულია, კონფლიქტი ორივე ხალხისთვის ტრაგედია იყო. მას შემდეგ უკვე 17 წელი გავიდა, ჭრილობები კი კვლავ თავს გვახსენებს. ამავე დროს, რაც უფრო ვშორდებით იმ ტრაგიკულ პერიოდს, მით მეტი პასუხგაუცემელი კითხვები რჩება...
მოდით, პირდაპირ ვთქვათ: იყო თუ არა აუცილებელი ქართული სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სარკინიგზო კომუნიკაციის დაცვა-გაკონტროლების მოტივით? განა არ შეეძლო ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, იგივე ამოცანის წარმატებით შესრულება? და საერთოდ, რამ გამოიწვია ამ „ელვისებური სარკინიგზო ოპერაციის“ სისხლისმღვრელ ომში გადაზრდა?
თენგიზ კიტოვანი რომ გამჭრიახი სამხედრო სტრატეგი არ იყო, ამ აქსიომას დღეს ყველა აღიარებს. სამწუხაროდ, საქმე მხოლოდ კიტოვანის პროფესიონალიზმსა და ვოლუნტარიზმს არ ეხება - ტრაგიკული შეცდომები დაუშვეს სახელმწიფო საბჭოს სხვა წევრებმაც, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს გადაწყვეტილების შედეგები და არ გაითვალისწინეს შესაძლო საფრთხე ქართული სახელმწიფოსათვის. ყოველ შემთხვევაში, იმ ხანებში განვითარებული მოვლენები უკვე საფრთხის სიმპტომებს შეიცავდა: საჯარისო შენაერთების გამოყენება მოხდა სრულიად ქაოტურად, არ არსებობდა რაიმე გეგმა, არ მომხდარა სიტუაციის არავითარი პროგნოზირება, მხოლოდ „ვაშას“ ძახილი, ტანკებზე დროშების ფრიალი და „წინ, სოხუმისაკენ“.
შეიძლება ეს უსაზღვრო ეროვნულ აღტკინებას, ქართველთა შეუვალ თავდაჯერებულობას, იმდროინდელ არეულ ვითარებას და საქართველოში არსებულ მრავალხელისუფლებიანობას მივაწეროთ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის სამხედრო ქვედანაყოფებით დაცვის შესახებ გადაწყვეტილება არასწორი იყო. ვფიქრობთ, რომ სიტუაციის გამოსწორება, მოქმედების სწორი ორგანიზაცის და მკაცრი გეგმის არსებობის პირობებში, თვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებსაც შეეძლოთ, რომლებთაც ქართველები ხელმძღვანელობდნენ. ისინი ფრიად კომპეტენტური ადამიანები იყვნენ და მშვენივრად იცნობდნენ ადგილობრივ სიტუაციას. ამგვარი მოსაზრების გამოთქმის უფლებას გვაძლევს გარკვეული წყაროები, რომელთა თანახმად, ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს უკვე შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმის პროექტი, მოწონებული თვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას მიერ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ადგილობრივი ძალებით რკინიგზის დაცვის გეგმა ვერ განხორციელდა. არადა, ეს რომ მომხდარიყო, ალბათ, ბევრ უბედურებას თავიდან ავიცილებდით.
ქართველებისა და აფხაზების დღევანდელ ურთიერთობაში კვლავ უნდობლობის ფაქტორი მძლავრობს. როგორ უნდა გავხსნათ ერთმანეთისადმი მიუტევებლობის „გორდიას კვანძი“? რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სიძულვილი ამ საკითხში ცუდი მრჩეველია.
|