XIX საუკუნის II ნახევარში რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საქართველოს ისტორიული მიწების ათვისება-კოლონიზაცია. ამ პროცესს ჩვენი აზრით, აფხაზი და რუსი ავტორები თავიანთ „ნაშრომებში” შეგნებულად თუ უნებლიედ არაობიექტურად და სრულიად დამახინჯებულად წარმოაჩენენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თითქოს სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ქართველების მიერ აფხაზეთის „დაპყრობა“, მათი „შეჭრა“ და ამ რეგიონში და დემოგრაფიული ცვლილებებიც ქართველების სასარგებლოდ თითქოს სწორედ ამან განაპირობა: (გ.ძიძარია, ს.ლაკობა, ხ.ბღაჟბა). სინამდვილეში კი, აღნიშნულ პერიოდში, რუსეთმა რუსული და სხვა რუსულენოვანი ხალხებისათვის აფხაზეთში 35-ზე მეტი სოფლები დაარსა, რაც სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო ამ პატარა რეგიონის სრული ათვისებისა და რუსიფიკაციისათვის. მრავალრიცხოვანი საარქივო მასალები თვალნათლივ მოწმობენ იმაზეც, თუ როგორ უსაფუძვლოდ დევნიდნენ რუსი ჩინოვნიკები ქართველებს აფხაზეთში და კოლონიზაციის პროექტის ფარგლებს გარეთ ტოვებდნენ.
რუსული კოლონიზაციის ნამდვილი მიზნების მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს რუსული ადმინისტრაციის დამოკიდებულება სოხუმის რაიონის სოფელ პარნაუთში მცხოვრები ქართული მოსახლეობისადმი, მათი მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევა აშკარად „რუსული ინტერესების” გატარებას ემსახურებოდა შავიზღვისპირეთში. ე.წ. „პარნაუთის საქმემ“ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამ დროის არა მარტო ქართულ, არამედ თვით რუსულ პრესაშიც, საიდანაც აშკარად ჩანს, თუ რამდენად უსამართლო იყო იმჟამინდელი რუსეთის მმართველი წრეებისა და მთავრობის გადაწყვეტილება პარნაუთელი გლეხების მიმართ.
მრავალრიცხოვანი ფაქტობრივი მასალები პირუთვნელად მოწმობენ პარნაუთის დასახლებაში მომხდარ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგნაირად განვითარდა: იქ ადრე მცხოვრები მოსახლეობა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში თითქმის მთლიანად მუჰაჯირობას შეეწირა. მოსახლეობის გარეშე დარჩენილი ეს ადგილი თითქმის მთლიანად გავერანდა და გაუკაცრიელდა. სოფელს ტყემ გადაუარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სოხუმიდან სულ რაღაც 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, არსებული მდგომარეობის გამო არავის აღარ იზიდავდა: ნიადაგი გაყამირდა, იმდენი შრომა და სახსრები ჭირდებოდა მისთვის კულტურული სამეურნეო სახის დაბრუნებას, რომ ამის საშუალება მაშინდელ პირობებში ძნელად თუ ვინმეს გააჩნდა. რუსმა კოლონისტმა გლეხებმა ამ მიზეზით უარი თქვეს პარნაუთში დასახლებაზე. ასევე უარი განაცხადეს იქ დასახლებაზე იმათაც ვინც იმპერიის შიდა გუბერნიებიდან იყვნენ ორგანიზებულად ჩამოყვანილნი და უფასოდ სთავაზობდნენ აქ დასახლებას. ამ სოფელში ჩასახლება ასევე არ ისურვეს აფხაზეთში უფრო ადრე დასახლებულმა რუსმა გლეხებმაც. გამონაკლისის სახით, დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ,სოხუმის სატყეო მეურნეობამ ძირითადად ზუგდიდისა და სენაკის მაზრებიდან ჩამოსულ ქართველ გლეხებს უფლება მისცა ე.წ. არენდით (იჯარით) აეღოთ მიწა. ეს არენდა კი, როგორც მათ ჰპირდებოდნენ, სამუდამო ან ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ რუს გლეხებს უფასოდ სთავაზობდნენ აქაურ მიწას, ქართველებს დესეტინაში 6 მანეთს ახდევინებდნენ. ქართველები ფულს იხდიდნენ აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ყოლაზეც: თითო სულზე წელიწადში 40 კაპიკს. ქართველმა გლეხებმა თვითონ შეისყიდეს მიწის დასამუშავებელი იარაღები, მაშინ როდესაც, რუს ჩამოსახლებულებს იმასაც უფასოდ აძლევდნენ.
რთული გზა განვლეს პარნაუთელმა ახალმოსახლეებმა ველურ ბუნებასთან მძიმე შრომასა და ჭიდილში, დიდი ნებისყოფა და ენერგია შეალიეს მათ იქაურობას. როგორც მაშინდელი პრესა ერთხმად აღნიშნავდა, მათი დამსახურება იყო, რომ ეს დასახლება, მანამდე სრულიად უნაყოფო, მიგდებული და გავერანებული, აყვავებული ბაღებით, ხეხილითა და ვენახებით სოხუმის შემოგარენში ერთ ერთ გამორჩეულ ადგილად იქცა. ის ადამიანები, რომლებმაც საიჯარო ხელშეკრულება გააფორმეს პარნაუთელებთან, ჩვეულებრივ, რუსი ეროვნებისა და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. როგორც შემდგომ გაირკვა, მათ მოატყუეს მეიჯარეები, დაამუშავებინეს, გაალამაზებინეს ველური ადგილი, შემდეგ კი რუსული სოფლის შექმნა გადაწყვიტეს მათ საკარმიდამოებში. უფრო მეტიც, ისინი აქ ჩუმად შემოპარულ მიმტაცებლებად («ზახვატჩიკებად») მონათლეს. მართალია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აგარაკზე ახალ მოსულებად ითვლებოდნენ, მაგრამ ძირითადი მოსახლეობა ორი ან სამი ათეული წლის წინ დასახლებული იყო. მთავრობა ამ მომენტს კარგად იყენებდა და მოხელეთა უკანონო ქმედებას მათ მიმართ ამით ასაბუთებდა. სინამდვილეში კი მათი ,,დანაშაული ” მხოლოდ ეროვნული წარმომავლობა - ქართველობა იყო.
კავკასიაში გადმოსახლებულთა სამმართველოს უფროსის მიერ შედგენილ და ზემდგომ ინსტანციებში გაგზავნილ დოკუმენტში ისინი მოძალადეებად და უკანონოდ შემოჭრილ ადამიანებად მოიხსენიებოდნენ....
იმავე დოკუმენტის მიხედვით, პარნაუთში ბევრ დასახლებულ ქართველ გლეხს მიწა კერძო მფლობელიდან ჰქონდა აღებული, რაც საქმეს უძნელებდა ხელისუფლებას, მიჯნებიც კერძო და სახაზინო მამულებს შორის მკვეთრად არ იყო გავლებული. ხელისუფლების პროექტის განხორციელება ყოვნდებოდა, რაშიდაც ქართველ გლეხობას ადანაშაულებდნენ და ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ აუცილებლად იყო საჭირო მათი გასახლება, რადგან ეს მიწა თითქოს რუს ჩამოსახლებულებსაც არ ყოფნიდა. მათ შორის სამმართველოს უფროსი ასახელებდა პარნაუთში შედარებით მოგვიანებით ჩამოსულ ქართველ მოიჯარეებსაც, რომლებიც ისევე უნდა გაესახლებინათ, როგორც ახალი მოიჯარეები [1,ფურც.75].
რუს მოხელეებს კარგად ესმოდათ, რომ საკითხი ძალზე ფაქიზი და, ხელისუფლების მხრიდან რისკიანი იყო, ამიტომ მისი განხორციელება პოლიტიკურად ხელსაყრელ პერიოდში, რეაქციის მძვინვარების დროს, რევოლუციის სასტიკად ჩახშობის შემდეგ განახორციელა. გადმოსახლებულთა სამმართველოს თავმჯდომარე მეფისნაცვალს იმაზეც წერდა, რომ ეშერის 95 აფხაზი კომლი მიწის ნაკლებობით ცუდ დღეში იმყოფებოდა და თუ მეგრელებს დაუკანონებდნენ პარნაუთს, მაშინ მათ ვეღარ დააკმაყოფილებდნენ. ამას რუსი მოხელე სხვათაშორის იმიზეზებდა, თორემ სხვაგან, ყველა დოკუმენტში პარნაუთში რუსი ჩამოსახლებულების დასახლებაზე საუბრობდა [2, ფურც.7].
პარნაუთელ გლეხებს არ სჯეროდათ ვითარების ამგვარად გართულების, როგორც მათი საქმიდან ჩანს, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ფულის გადახდით მაინც მოახერხებდნენ დაკავებული და განაშენიანებული საკარმიდამოების დაკანონებას. თავდაპირველად თავიანთი ნებით არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით წერდნენ თხოვნებს, საჩივრებსა და ახსნა-განმარტებებს, იმედოვნებდნენ სამართლიანობის მიღწევას, მაგრამ საბოლოოდ მწარედ მოტყუვდნენ. ვინ აღარ ჩარიეს ამ პროცესში, რუსეთის დუმის ქართველი დეპუტატები, სახელმწიფო საბჭო, ადგილობრივი თუ პეტერბურგის პრესა, რომელთა უმეტესობა მათ უთანაგრძნობდა და მათ მხარეზე იყო, მაგრამ კოლონიური მოხელეებისთვის ყოველივე ეს ანგარიშგასაწევი და გადამწყვეტი ფაქტორი სულაც არ იყო, თუმცა, მთლად გულგრილად რომ ვერ უყურებდნენ ამ ფაქტს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ გაზეთის ამონაჭრებს, სადაც დაბეჭდილი იყო პარნაუთელ გლეხებზე წერილები, გადასახლებულთა სამმართველოს კანცელარია პუნქტუალურად უგზავნიდა მეფისნაცვალს.
პეტერბურგიდან მეფისნაცვალთან გამოგზავნილ დეპეშაში დუმის დეპუტატი პროკოფი შერვაშიძე აპროტესტებდა პარნაუთიდან 45 კომლი მეგრელი გლეხის უკანონო, ძალადობრივად გასახლებას და მათ ადგილზე რუსი ჩამოსახლებულებისათვის სოფლის შექმნას [4, ფურც 27].
რუსული შოვინიზმი გამოსჭვიოდა იქიდანაც, რომ პარნაუთელებს არსად, არცერთ დოკუმენტში ქართველად არ მოიხსენიებდნენ, მათ მეგრელებს უწოდებდნენ, რუსული ბიუროკრატია «დაყავი და იბატონეს» იმპერიულ დევიზს ამაშიც გამოხატავდა, ქართველ ხალხს ისინი სვანებად, იმერლებად, მეგრელებად, თუშებად, ხევსურებად, რაჭველებად და ა.შ. ყოფდნენ და მოიხსენიებდნენ რაც ძნელი ასატანი იყო ქართველი ხალხისათვის. პარნაუთელები ქართველებად მხოლოდ ერთადერთ რუსულ დემოკრატიულ გაზეთს _ «ნოვაია რეჩს» ჰყავდა მოხსენიებული. პარნაუთელ გლეხებზე წერდნენ რუსული პრესის სხვა ორგანოებიც, ესენი იყო: «გოლოს კავკაზა» (¹971 ,1909), «ზაკავკაზიე»( ¹ 242 ), «რეჩი», «ბაკუ», «კასპია»და სხვა., მათში დაბეჭდილი მასალების ძირითადი დედააზრი თითქმის ერთნაირია, რომ ყველა სახაზინო მიწა ამიერკავკასიაში ეკუთვნით რუს გადასახლებულებს და არავითარი ხელის აღმართვა მათზე ტუზემცებს არ შეუძლიათ. ასეთ მიდგომას იჩენდა რუსული პრესა (ცალკეული გამონაკლისების გარდა), კავკასიის კოლონიზაციისადმი.
აღნიშნულ თემას კიდევ უფრო მწვავედ ეხებოდა ქართული დემოკრატიული პრესა. მიუხედავად საშინელი საცენზურო მდგომარეობისა, რომელიც მოჰყვა პირველი რევოლუციის პერიოდსა და რეაქციის მომდევნო ხანას, ქართველი პუბლიცისტები ახერხებდნენ უკანონობასთან ბრძოლას, ამხელდნენ ცარიზმის ჩინოვნიკებსა და კოლონიურ რეჟიმს. იხურებოდა გაზეთები, იწერებოდა თამამი სტატიები, ისჯებოდნენ რედაქტორები და გაბედული პუბლიცისტები.
გაზეთი «გოლოს კავკაზა», კავკასიური რუსული გაზეთებისაგან განსხვავებით, რუსული რეაქციული პრესის თვალსაზრისს იზიარებდა და პარნაუთის საქმეს მთავრობის პოზიციიდან აფასებდა, აკრიტიკებდა პარნაუთელთა დამცველ პრესასაც და იმ ქართველ გლეხებს, რომელთაც ყველაფერი წაართვეს, მათ დამტაცებლებს უწოდებდა. წერილის სათაურიც ასე იყო შერჩეული: «პარნაუტსკი ზახვატ»....
რაც შეეხება «გოლოს კავკაზას» საბუთებს პარნაუთსა და იქიდან გაძევებულ ქართველებზე, ის ასეთია: «პარნაუთის დასახლება სოხუმის ოლქში საერთოდ არ არსებობს და ის ქართული გაზეთები, რომლებიც ასეთ დასახლებაზე წერენ, ტყუიან. ეს სატყეო დაჩაა, რომელიც გათვალისწინებული იყო ჩამოსახლებული რუსი გლეხებისათვის ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომელიც მიიტაცეს ქუთაისის გუბერნიიდან სოხუმის ოკრუგში მოსულმა მეგრელებმა, ჯერ არენდით აიღეს, შემდეგ კი უნებართვოდ დასახლდნენ ზედ.» გაზეთში საუბარია მეგრელებისაგან მკვიდრი აფხაზი მოსახლეობის მიწის დატაცებაზე, მაშინ, როდესაც აფხაზები არსად არ იყო გათვალისწინებული სახელისუფლო გეგმებში, ნათქვამი იყო ასეთი ფრაზა: «რუსული ხელისუფლების მოვალეობაში შედის დაიცვას აფხაზები მეგრელების შემოსევისაგან, რომელიც შესაძლოა ძალზე არასასიამოვნო შედეგებით დასრულდეს»[8,ფურც.120]. აი, რუსული იმპერიალიზმის სითავხედე, რომელიც ყველა გზით ახდენდა და ახდენს აფხაზეთის ოკუპაციას, «იცავს» აფხაზებს ქართველების «დაპყრობისაგან»...
თუ როგორ სურდათ რუს ჩინოვნიკებს აფხაზები საკუთარ სამშობლოში ეს უამრავი დოკუმენტიდან ჩანს. აი, რამდენიმე მათგანი: ამონარიდი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი დ.სვიატოპოლკ-მირსკი აფხაზთა გასახლებისა და აფხაზეთის რუსული კოლონიზაციის თაობაზე, 1864 წლის მოხსენებიდან :
«ერთადერთი რადიკალური გზა, რაც ჩვენ მოგვიხსნის ყოველგვარ საშიშროებას სოხუმის განყოფილების მხრიდან, _ეს არის აფხაზეთის მცხოვრებთა ოსმალეთში გადასახლება, თუ აფხაზთა ნაწილი თურქეთში წასვლას მოინდომებს, ჩვენ ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ჩვენ ახლავე შეგვიძლია შევუდგეთ კაზაკთა დასახლებებით აფხაზეთის კოლონიზაციას, ბზიფის ორივე სანაპიროს დაუფლებით შესაძლებელი იქნება აქ დავიწყოთ აფხაზეთის დასახლება რუსული მოსახლეობით».
კავკასიის მეფისნაცვალი ბარიატინსკი, 1861 წელი: «უნდა გავათავისუფლოთ კავკასიის ზეგანი მოსახლეობისაგან და ამ მშვენიერ და ნაყოფიერ ადგილებში უნდა შევქმნათ კაზაკთა დასახლებები». ამ აზრს ის იმეორებდა კავკასიის ომის დამთავრების შემდეგაც, იმპერატორ ალექსანდრე II-ისადმი გაგზავნილ წერილში.
მსგავსი მაგალითების მოტანა ბლომად შეიძლება.
საბოლოოდ, რუსმა მოხელეებმა პარნაუთიდან გასახლებული ქართველების ნაწილი, დაახლოებით 30-დე კომლი მდინარე კოდორის ზემო წელში ხეობაში დაასახლეს, [12, ფურც.216].
პარნაუთის ისტორია აფხაზეთში რუსული კოლონიური პოლიტიკის, აფხაზი და ქართველი მოსახლეობის დევნისა და მხარის რუსებით დასახლების აშკარა გამოხატულებაა. აქედან ჩანს, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი აფხაზეთის დენაციონალიზაციას და მის სრულ ასიმილაციას იმპერიულ სივრცეში.
სტატია დაწერილია (შემოკლებით) ი.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დოდო ჭუმბურიძის ნაშრომის მიხედვით.
დამოწმებული წყაროები:
1. სცსსა, ფონდი 231, აღწერა 1, საქმე 417;
2. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 260;
3. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 266;
4. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 266;
5. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 266;
6. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1; საქმე 266;
7. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 266;
8. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 266;
9. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 266;
10. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 266;
11. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 259;
12. სცსსა, ფონდი 242, აღწერა 1, საქმე 259.
|