2010 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციაში ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ამასთან დაკავშირებით ჩერქეზეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადებები და დააფიქსირეს თავისი პოზიციები. მათი უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ყველა ჩერქეზმა, ადიღმა, ყაბარდოელმა და შაპსუგმა აღწერის დროს ეროვნების გრაფაში უნდა ჩაწეროს «ჩერქეზი».
მეორე მოსაზრების მიხედვით ანკეტაში ეროვნება «ჩერქეზის» გვერდით უნდა მიეთითოს ადიღელი, ყაბარდოელი ან შაპსუგი.
არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ყველა ადიღელი ხალხის ჩერქეზებად გამოცხადება გააქრობს იმ თავისებურებებს, რომლებიც მათ ცალცალკე გააჩნიათ.
შეშინებულ ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ ოთხივე წარმომავლობის ადიღელების «ჩერქეზებად» გაერთიანება პირველი ნაბიჯი იქნება დიდი ჩერქეზეთის შექმნის მოთხოვნის გზაზე.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა «ადიღე ხასე» აცხადებს, რომ არსებობს ხალხის ისტორიული მეხსიერება, რომელიც ყველა ადიღური წარმომავლობის ადამიანს ჩერქეზული ეროვნების ქვეშ აერთიანებს. ეს ეხება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ერთ მილიონ ადამიანს და უცხოეთში მცხოვრებ 5 მილიონამდე მათ თანამემამულეს. უნდა მოხდეს მათი გაერთიანება და არა დაქსაქსვა, რომ მსოფლიომ გაიგოს არსებობს ერთი, გაერთიანებისათვის მებრძოლი მრავალრიცხოვანი ჩერქეზი ერი და ამიტომ სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის დროს ყველა ადიღური წარმოშობის ადამიანი ჩერქეზად უნდა ჩაეწეროს _ ნათქვამია განცხადებაში.
|