რუსეთის ფინანსური დახმარება ცხინვალის რეგიონისადმი 2011 წელს შეადგენს 9 მილიარდ მანეთს. ამის შესახებ განაცხადა მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელმა ვადიმ ბროვცევმა სამინისტროების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე.
მისი თქმით, დოტაციის ოდენობა უკვე განსაზღვრულია, ეხლა კი საჭიროა მას პროგრამები შეუსაბამონ. "საბიუჯეტო ციფრი გასაგებია, თუმცა ის ჯერ კიდევ უნდა დავიცვათ, კარგად დავასაბუთოთ, რა ღონისძიებები რეალიზებას ვაპირებთ ამ მოცულობით",– განაცხადა ბროვცევმა და დაავალა ეკონომიკურ უწყებას შეიმუშაოს ოკუპირებული რეგიონის განვითარების გეგმა.
დაპირებული 9 მილიარდიდან საბიუჯეტო დოტაცია შეადგენს 2.5 მილიარდ რუბლს და 300 მილიონ რუბლს საკუთარი შემოსავლებიდან, აგრეთვე დახმარება სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიარდ 851 მილიონი რუბლის ოდენობით.
ბროვცევის თქმით, რეგიონი აგრეთვე შეიძენს 58 მილიონი რუბლის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო ტექნიკას.
|