RSS
დამოკიდებული ბიზნესი "დამოუკიდებელ" აფხაზეთში
03.09.2010 14:23
ირაკლი ცქიტიშვილი
"ექსპერტთა კლუბი"

რუსულ–აფხაზური ურთიერთობები დღითიდღე იძაბება. დღე არ გავა, რომ რაიმე ექსცესს არ ჰქონდეს ადგილი. ჯერ არ დამშვიდებულა სიტუაცია რუსეთის მოქალაქეთა ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით, რომ აფხაზები რუსების ბიზნესს დაერივნენ.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების მიერ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ერთ–ერთი მსხვილი კომპანიის «Конти-Опт» ხელმძღვანელის იგორ ვაროვის დაკავების შესახებ. როგორც აფხაზური რეჟიმი აცხადებს, ვაროვი დაკავებულია მის მიერ მოქალაქისთვის იარაღის მუქარით თავისუფლების აღკვეთის გამო. საქმე ეხება 2009 წლის 19 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს. რატომღაც, აფხაზ სამართალდამცველებს ვაროვი ერთი წლის დაგვიანებით გაახსენდათ.

აფხაზური რეჟიმის განცხადებით, საქმე შემდგომში მდგომარეობს: კომპანია «Д.А.Ф»–ის მძღოლმა ანდრეი ჩულანოვმა მოსკოვის ოლქიდან აფხაზეთში ჩამოიტანა პურ–ფუნთუშეულის პროდუქცია, რომლის ნაწილიც რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ვაროვმა მოსთხოვა ჩულანოვს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ეს უნდა დაფიქირებულიყო, რაზეც ჩულანოვმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ ვაროვმა იარაღის მუქარით სამი დღით აღკვეთა ჩულანოვის თავისუფლება. ამ ფაქტზე აფხაზურმა პროკურატურამ საქმე აღძრა, თუმცა გაანთავისუფლა ვაროვი გაუსვლელობის ხელწერილით. 2010 წლის აგვისტოს კი იმ მოტივით, თითქოს ვაროვმა დაარღვია პირობა და ტერიტორიას გასცდა, მასზე ძებნა გამოაცხადა, რის შემდეგაც ის დაკავებულ იქნა. რა თქმა უნდა ნონსენსია, როცა ძებნას აცხადებ ადამიანზე, რომელიც საძებარი სრულებითაც არ არის, მაგრამ აფხაზურ პროკურატურას დიდი ცოდნა მაინცდამაინც არ მოეკითხება. რაც მთავარია, არც მოსარჩელე ჩანს – ჩუვალოვი საერთოდ დაიკარგა და აფხაზური პროკურატურის გამოძახებებს არ პასუხობს

ამ განუკითხაობამ ვაროვის კომპანიის თანამშრომლები აღაშფოთა. მათ აფხაზეთის შსს–ს შენობასთან აქციაც გამართეს. კომპანიის თანამშრომლები იმითაც ყოფილან შეწუხებულნი, რომ ვაროვს რამოდენიმე ხნის წინ მძიმე ოპერაცია გადაუტანია. კომპანიის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ვაროვი არსად არ გაქცეულა და არსად დამალულა, ის მუდმივად აფხაზეთში იმყოფებოდა, იღებდა აქტიურ მონაწილეობას თავისი ორგანიზაციის საქმიანობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარი ბიზნესის წარმართვისთვის ვაროვმა აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობაც მიიღო, ვინაიდან სხვაგვარად ქონებას ვერ გაიფორმებდა და ბიზნესის წარმოებას ვერ გაიადვილებდა. სხვადასხვა მონაცემებით, ვაროვი არის ყოველდღიური მოხმარების საქონლის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი და შესაბამისად, ერთ–ერთი უმსხვილესი გადასახადების გადამხდელი. კომპანია «Континент-М»–დან აფხაზურ ბიუჯეტში შესული თანხები 10–ჯერ აღემატება მთელი ბიჭვინთის საკურორტო გაერთიანების მიერ შეტანილ საგადასახდო შემოსავლებს.

როგორც აღნიშნა თავის პროტესტში "აფხაზეთის გმირმა" ასლან კობახიამ, "რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ერთის მხრივ იწვევს რუს ინვესტორებს, ხოლო მეორე მხრივ, უსწორდებიან იმ ინვესტორებს, ვინც საკუთარი რისკის ფასად არა მარტო დებს კაპიტალს ქვეყნის განვითარებაში, არამედ კიდევაც გახდა მისი სრულფასოვანი მოქალაქე". მისივე თქმით, "ხელისუფლება მიზანმიმართულად ამზადებდა ვაროვის ბიზნესის ლიკვიდაციას და დაკავებას"

"გაკვირვებას იწვევს ის, რომ ადამიანს, რომელიც იმყოფება "ძიებაში", აკავებენ არა სადმე ვილაზე ან რესტორანში, არამედ პროკურატურის შენობაში, სადაც ის ამ უწყების თანამშრომლების გამოძახებით მივიდა", – აღნიშნავს კობახია.

ზემოთ აღწერილი ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ ვაროვის დაკავება არ არის კავშირში მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან, თუ ასეთ რამეს მართლაც ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ადგილი აქვს მისი ბიზნესის მითვისების ან რომელიმე აფხაზი ბიზნესმენის კონკურენტის გზიდან ჩამოშორების სურვილს. უფრო მეტიც – ასეთი სურვილების გაჩენას ვაროვმა თვითონ შეუწყო ხელი, როდესაც არაერთხელ გააკრიტიკა აფხაზური რეჟიმის დამოკიდებულება ბიზნესისა და მთლიანობაში ოკუპირებული ტერიტორიის განვითარებასთან.

ვაროვი აკრიტიკებდა აფხაზების დამოკიდებულებას რუსებისადმი. ის კარგად ხედავდა, თუ როგორ უყურებენ აფხაზები რუსებს და ამაზე ხმამაღლა საუბრობდა. როგორც ვაროვმა განუცხადა "ნუჟნაია გაზეტა"–ს მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნასთან დაკავშირებით, ყველაფრის მიზეზი არის აფხაზეთის მოსახლეობის დამოკიდებულება დამსვენებლებისადმი. კერძოდ, ვაროვი აღნიშნავს, მათ აფხაზეთში უყურებენ როგოც "ჩამოთრეულებს".

"ამას ისმენ თითქმის ყველგან, საკურორტო სეზონის დაწყებიდან მაქსიმუმ ორ კვირაში. ეს არა მარტო სიტყვაა – ეს არის დამოკიდებულება ჩამოსულების მიმართ და ეს სიტყვა უნდა "აიკრძალოს". , – განაცხადა ვაროვმა.

მანვე გააკრიტიკა აფხაზი მებაჟეების მუშაობა, მთავრობა დაზღვევის გადასახადების მოგონებისათვის, აგრეთვე მათი დამოკიდებულება ეკონომიკისადმი.ვაროვმა არაერთი მაგალითი მოიყვანა, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ უქმნიან მის ბიზნესს პრობლემებს აფხაზეთში. ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენი პრობლემები როდისმე დამთავრდება?", ვაროვი პასუხობს:

"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სათავეში მოვა ხალხი, რომელიც განვითარებაზე ფიქრობს, და არა საკუთარ თავზე. გამოდის, რომ ლეგალურად მომუშავე საწარმო, რომელსაც ბიუჯეტისთვის შემოსავალი მოაქვს, არ არის საჭირო.

იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელზეც ამდენი ითქვა – იარაღი, სისხლის სამართლის საქმე – ჩვენ მიწა წაგვართვეს: ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი, რომელიც სავაჭრო ცენტრის კლიენტებისთვის იყო განკუთვნილი, მისცეს სამარშრუტოების მძღოლებს, არ გვაძლევენ გაფართოების საშუალებას, ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის აშენების საშუალებასაც არ გვაძლევენ", – განაცხადა ვაროვმა.

ვაროვის შემთხვევა სულაც არ არის ერთეული შემთხვევა დღევანდელ აფხაზეთში. აფხაზური "სტუმართმოყვარეობას" ვრცელი სტატია მიეძღვნა რუსულ გამოცემა "ზვეზდა"–ში. სტატიაში საუბარია ერთ–ერთ რუს ბიზნესმენზე, რომელსაც სურდა ინვესტიციები განეხორციელებინა აფხაზეთში, რისთვის დაუმეგობრდა იქაურ მცხოვრებლებს, მათ შორის გაგრის ქონების მართვის სამსახურის უფროსს. როგორც სტატიიდან ჩანს, აფხაზმა "პარტნიორებმა" ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ამ ბიზნესმენს შემოეტანა ფული, დაეფუძნებინა კომპანია, შეეძინა ქონება, და შემდეგ ის აეძულათ დაეტოვებინა აფხაზეთი.

"სამი საათის განმავლობაში სამი კაცი სცემდა სტეპანოვს და აიძულებდა მას გადაეცა ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის მთელი უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთები. ამავე დროს კეთილშობილურად დაპირდნენ, რომ მის ოჯახს ხელს არ ახლებდნენ. მაგრამ კეთილშობილება დიდი ხნით არ ეყოთ – ვალერის მანქანა სამი ბავშვით, მეუღლით, მისი მეგობრით, რომელიც ორი წლის ბავშვთან ერთად მგზავრობდა, გააჩერეს მთის გზაზე. "მერსედესი" წაართვეს, მგზავრები კი იქვე გზაზე დატოვეს", – აღინიშნება სტატიაში.

რუს ინვესტორს ვერავინ დაეხმარა. რუსეთის ე.წ. კონსული ევგენი ზაბოლოტნიც კი. მან მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ სტეპანოვის ოჯახის მიერ აფხაზეთის დატოვება უზრუნველყო – ინციდენტიდან მესამე დღეს – სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლების თანხლებით.

ის, რომ აფხაზეთში სულაც არ უხარიათ რუსების დანახვა, სულაც არ არის ახალი. ერთადერთი, რაც ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას სურს, ესაა ფულის მიღება "ჩრდილოელი მეზობლისგან", თანაც ისე, რომ ის არ ჩაერიოს მათ შიდა სამზარეულოში. აფხაზებს უნდათ ბევრი დამსვენებელი, ბევრი ფული, ბევრი სიკეთე და ევროპული დოვლათი, მაგრამ არ სურთ რუსები, რომელთაც ეს "დოვლათი" მათთვის მოაქვთ. არც არის გასამტყუნებელი, რამეთუ აფხაზებმა მშვენივრად იციან, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. რუსული ბიზნესის, პოლიტიკის, სამხედრო მანქანის "მეგობრული" დისლოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც აფხაზებმა თავისი ჭკუით სისხლი დაღვარეს. მაგრამ რა არჩევანი აქვთ?

სანამ ერთმანეთს ქართველებით აშინებენ და ერთმანეთს ატყუებენ რუსული ჩექმის სიკეთით, ვფიქრობთ, არჩევანი დიდი არ აქვთ – ასე იქნება თუ ისე, აფხაზებს, როგორც ერს გადაშენება უწერია. რუს იმპერიალისტებს არაფერში ადარდებთ არც აფხაზური ენის განვითარება, არც აფხაზების გამდიდრება, არც რაიმე სხვა სახის განვითარება აფხაზური საზოგადოებისა. კორუფცია და ძარცვა–გლეჯა – რუსული სახელმწიფოს მახასიათებელია და არ დაუშვებს კრემლი, რომ აფხაზეთში ოდესმე წესრიგი დასადგურდეს. შესაბამისად, ძმა ძმისთვის მტერი იქნება მანამ, სანამ ერთ–ერთი მათგანი არ გადარჩება, ხოლო გადარჩენილს კი რუსეთი მოუღებს ბოლოს.

ჩვენ კარგად გვესმის აფხაზების, რომლებიც დღეს ასე ეწინააღმდეგებიან რუსული ბიზნესის გაბატონებას საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე, თუმცა ისიც გვესმის, რომ თვითონვე გაჰყვეს თავი ამ მარყუჟში და ეხლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის გამოჰკრავს თოკს კრემლი.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება